20 ოქტომბერს, იტალიის კულტურის მექაში, ქალაქ ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, გაიმართა ქართველი კომპოზიტორის, დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო. ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც კლასიკური მუსიკისა და ქართული კინემატოგრაფიის ოქროს ეპოქას, ერთდროულად ახსენებდა მსმენელს.
კონცერტის ფარგლებში შესრულდა როგორც დავით თორაძის ცნობილი კლასიკური ნამუშევრები, ასევე მისი დაუვიწყარი კინომუსიკა, ის მელოდიები, რომლებიც წლებია ქართული კინოს „ოქროს ფონდში“ ღირსეულად იკავებს ადგილს.
საღამოს მონაწილეებს შორის იყვნენ სახელგანთქმული ქართველი შემსრულებლები: გიორგი ანდღულაძე, ქეთი მელუა, იანო ალიბეგაშვილი, ნატო მეტონიძე, ლელა მჭედლიძე, ლევან დეისაძე, დიმიტრი საკანდელიძე და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდული კაპელა. კონცერტის მუსიკალურ ფონზე პასუხისმგებლობა იტვირთა სკარლატის სახელობის ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით.
მაგრამ განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა დავით თორაძის დიდი გვარის გამგრძელებლის, ლეონარდო ლოპეს-დიასის გამოსვლა, რომელმაც ქეთი მელუასთან ერთად შესანიშნავი დუეტი შესთავაზა საზოგადოებას. “იცნობდეთ მომავალ ვარსკვლავს! ლეონარდო ლოპეს-დიასს! თორაძეების დიდი გვარის გამგრძელებელს, დავით თორაძის და ლიანა ასათიანის შვილთაშვილს!” – ასე შეაფასა მისი გამოსვლა ქართული გალობის უნივერისტეტისა და გალობის ფონდის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი ბანის, გიორგი ანდღულაძის როლი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ძეფირელის დარბაზში კონცერტის გამართვა და შესანიშნავ იტალიურ ორკესტრთან უსასყიდლო თანამშრომლობა. ეს არის ჟესტი, რომელიც კულტურული დიპლომატიის საუკეთესო მაგალითია.
პარალელურად, ძეფირელის ფონდის სივრცეში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა, რომელმაც სტუმრებს შესაძლებლობა მისცა მუსიკის ფონზე ქართულ კულტურას ვიზუალურადაც “შეხებოდნენ”.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იტალიაში მოეწყო ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საავტორო მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო. პროექტის მთავარი მიზანი კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზაცია და ქართული მუსიკის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული წარმოჩენა გახლდათ.
საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, დავით თორაძის ფონდის ხელძღვანელი ნინო თორაძე, იტალიის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და მაღალი რანგის სტუმრები.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲛᲝᲖᲐᲠᲓ ᲛᲐᲧᲣᲠᲔᲑᲔᲚᲗᲐ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ – ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲩᲐᲢᲐᲜᲘᲚᲘ “ᲛᲖᲘᲐᲜᲘ ᲒᲣᲚᲘ”





















































