დახმარება იტალიაში კომუნალური გადასახადებისათვის
ვის ეკუთვნის და როგორ ისარგებლოთ ბონუსით?!
იტალიაში, 2025 წელს, კვლავ შეგვიძლია ვისარგებლოთ სოციალური შეღავათით, რომელიც ეხება კომუნალურ გადასახადებს, და ეკუთვნის ოჯახებს, რომლებსაც აქვთ ფიზიკური, ან ეკონომიკური სირთულეები.
კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებზე წვდომა განისაზღვრება ოჯახის წევრების რაოდენობის და ასევე მათი წლიური შემოსავლის მიხედვით. სოციალური ბონუსით სარგებლობა შესაძლებელია 12 თვის მანძილზე.
იმისთვის, რომ ისარგებლოთ ბონუსით, უნდა აკმაყოფილებდეთ რიგ რეკვიზიტებს:
სოციალური ბონუსი გულისხმობს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გადასახადების საფასურის შემცირებას. განკუთვნილია ოჯახებისთვის, რომლებსაც უფიქსირდებათ დაბალი წლიური შემოსავალი:
● ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ მაქსიმუმ 3 შვილი და მათი ISEE არ აღემატება 9 530 ევროს;
● ოჯახები, რომლებსაც ყავთ მაქსიმუმ 4 შვილი და მათი ISEE არ აღემატება 20 000 ევროს;
● ასევე აუცილებელი პირობაა რომ დენის, გაზის და წყლის ხელშეკრულების მფლობელი ფიქსირდებოდეს რომელიმე ოჯახის წევრი, რომლის წლიური შემოსავლის საფუძველზეც ხდება შეღავათის გამოთვლა.
● ცენტრალური მრიცხველის (fornitura condominiale)-ს შემთხვევაშიც აუცილებელია რომ ოჯახი იყოს დაფიქსირებული როგორც მომხმარებელი.
● ბონუსი ეხება ასევე ოჯახს, თუ ფიქსირდება მძიმე ავადმყოფი, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური სამედიცინო დანადგარები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბონუსი ითვალისწინებს წვდომას ჩამოთვლილიდან (ელექტროენერგია, გაზი, წყალი) სამივეს გადასახადის შემცირებას, და არ განიხილება ცალკე რომელიმე მათგანი.
სოციალური ბონუსის ღირებულება ელექტროენერგიის შემთხვევაში, ფასდაკლების გამოთვლა ხდება ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის და ოჯახის წევრების რაოდენობაზე დაყრდნობით. გაზის შემთხვევაში, ფასდაკლების გამოთვლა ხდება როგორც ოჯახის წევრების რაოდენობაზე დაყრდნობით, ასევე სეზონის მიხედვით. მაგალითად ზამთრის პერიოდში ფასდაკლება მაღალია, რადგან შედარებით მეტი რაოდენობის გაზს მოიხმარს მომხმარებელი. შესაძლებელია ფასდაკლება იყოს ცვალებადი სამ თვეში ერთხელ. დაბოლოს, წყლის ბონუსი შეადგენს 50 ლიტრს მოსახლეზე დღეში, ანუ საჭიროების დასაკმაყოფილებლად საჭირო რაოდენობას. მაგალითად, ოთხსულიან ოჯახზე ფასდაკლება დღეში 200 ლიტრს აღწევს.
ISEE-ს დამზადების შემთხვევაში, ავტომატურად დაგენიშნებათ შეღავათი.

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – რა არის ISEE, სად შეგვიძლია მისი მოთხოვნა და რა ფულადი დახმარება და ბონუსები შეგვიძლია მივიღოთ?!





















































