1933 წელს, პიემონტის ერთ პატარა სახელოსნოში, კაცი ადუღებულ წყალს აკვირდებოდა… და სწორედ ამ უბრალო, ყოველდღიური სცენიდან დაიბადა იდეა, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნივთის შექმნას დაუდო საფუძველი – ყავის მადუღარა მოკა.
ამ კაცს ალფონსო ბიალეტი ერქვა.
რთული დრო იდგა… ომისშემდგომი დაძაბულობა იტალიაში მძაფრად იგრძნობოდა. ესპრესო, რომელიც ქალაქების ბარებს იპყრობდა, უბრალო ოჯახებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი ფუფუნება იყო.
ბიალეტი სხვანაირ ყავაზე ოცნებობდა – ისეთი მექანიზმი სურდა, რომელიც იქნებოდა მცირე ზომის, იაფი, გამძლე და რაც მთავარია სახლის პირობებისთვის შექმნილი.
ერთ დღეს, რეცხვისთვის განკუთვნილი წნევის ბაზაზე აგებული მოწყობილობის დაკვირვებისას, ბიალეტს იდეა მოუვიდა: „რა მოხდება, თუ ორთქლის წნევას, რეცხვის ნაცვლად, ყავის მომზადებისთვის გამოვიყენებთ?“
მან შექმნა ალუმინის რვაკუთხა ფორმის მოწყობილობა, რომელიც სამ ნაწილად იყოფოდა:
ქვემოთ — წყალი,
შუაში — დაფქული ყავა,
ზემოთ — მზა ყავის შემკრები.
ასე დაიბადა Moka Express – იტალიური გენიალურობის პატარა საოცრება.
თუმცა, ნამდვილი წარმატება რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა, როცა საქმეში ჩაერთო ალფონსოს ვაჟი რენატო ბიალეტი. მან მამის გამოგონება ეროვნულ სიმბოლოდ გადააქცია. ბრწყინვალე სარეკლამო კამპანიებით და ყველასათვის ნაცნობი „ულვაშებიანი კაცუნას“ სახით, მოკამ მილიონობით ადამიანის ოჯახში ჩვევებში, ტრადიციებში, გულებში შეაღწია.
მას არ ჰქონდა ბარის აპარატის სიმძლავრე, მაგრამ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული: დილით ნებანებით დაწყებული დღე, სამზარეულოში გაბატონებული არომატი, და უცვლელი ხმა – ამოსული ყავის თუხთუხი.
დღეს, მოკა, გამოფენილია როგორც დიზაინის მუზეუმებში, ასევე მილიონობით ოჯახის ქურაზე.
მას არ სჭირდება ტექნოლოგია, კაფსულები, ან ციფრული მონიტორები. მხოლოდ – წყალი, ყავა, ცეცხლი… და ცოტა სიყვარული. რადგან, ბოლოს და ბოლოს, მოკა მხოლოდ ყავის მომზადების წესი კი არაა, ეს არის, ერთად ყოფნის, დროის ერთად გატარების კულტურა.
ასევე დაგაინტერესებთ: “იტალიაში სწავლის მსურველთათვის, ნეაპოლის უნივერსიტეტში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართება” – მაკა ხაჩოშვილი





















































