ბევრი იტალიური ოჯახი თვლის, ან ჰგონია, რომ თუ მომვლელი მოხუცის სახლში ცხოვრობს, ვალდებულია მუდმივად მოხუცის და ამ ოჯახის განკარგულებაში იყოს. სინამდვილეში კი, კანონის მიხედვით, ასე არ არის.
არსებობს განსაზღრული საათები და დასვენების ზუსტი წესები, რომელთა ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახებსა და მომვლელებს შორის ბევრი დავა, სწორედ სამუშაო საათების არასწორი მართვის გამო ჩნდება.
მომვლელის სამუშაო საათები
CCNL-ის მიხედვით, თანამცხოვრები მომვლელის მაქსიმალური სამუშაო დრო არის:
- დღეში მაქსიმუმ 10 სამუშაო საათი (არაუწყვეტი)
- კვირაში მაქსიმუმ 54 სამუშაო საათი
ის ფაქტი, რომ მომვლელი ცხოვრობს იმავე სახლში სადაც მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად უნდა მუშაობდეს. სამუშაო საათებს მიღმა დრო, უნდა ჩაითვალოს დასვენების ან თავისუფალ დროდ.
სავალდებულო დასვენება
კონტრაქტი ასევე განსაზღვრავს სავალდებულო დასვენების პერიოდებს. ოჯახში მცხოვრებ მომვლელს ეკუთვნის:
- ყოველ 24 საათში 11 საათიანი უწყვეტი ღამის დასვენება
- დღის განმავლობაში მინიმუმ 2 საათიანი შუალედური დასვენება
- კვირაში 36 საათიანი დასვენება
როგორც წესი, 36 საათიანი დასვენება ასე ნაწილდება:
- 24 საათი კვირას
- 12 საათი კვირის სხვა დღეს, რაც შეთანხმებულია ოჯახსა და მომვლელს შორის
ეს დასვენების პერიოდები კონტრაქტით არის გათვალისწინებული და მიზნად ისახავს სამუშაო პირობების ბალანსის დაცვას.
როდის ჩნდება სამართლებრივი დავები
რეალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოვლის საჭიროების მქონე ადამიანი ძალიან ხანდაზმულია, ან მძიმე ავადმყოფია, ხშირად ხდება, რომ მომვლელი მუშაობს კონტრაქტით განსაზღვრულზე ბევრად მეტს.
ეს ხდება მაშინ, როდესაც მას უწევს:
- ღამით რამდენჯერმე გაღვიძება
- მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მუდმივი მოვლა
- პრაქტიკულად მუდმივად მოხუცის განკარგულებაში ყოფნა
თუ ღამის გათენება გადაიქცევა სისტემატურ აქტიურ სამუშაოდ, რეალურმა სამუშაო საათებმა შეიძლება ბევრად გადააჭარბოს კონტრაქტით დადგენილ დროს.
ასეთ შემთხვევაში მომვლელს შეუძლია მოითხოვოს:
- ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება
- ხელფასის სხვაობის გადახდა
- დაგვიანებული “კონტრიბუტების” გადახდა INPS-ში
მაგრამ ეს ყველაფერი ლიმიტს ფარგლებში.
როგორ შეუძლიათ ოჯახებს პრობლემების თავიდან აცილება
თუ სამუშაო, წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ფინანსური ვალდებულება შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს. დავების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სიტუაციის სწორად ორგანიზება და კონტრაქტის წესების დაცვა. ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებებია:
1. მეორე მომვლელის აყვანა
2. ღამის მომვლელის აყვანა
დასკვნა
ოჯახმაც და “ბადანტემაც” მნიშვნელოვანია იცოდნენ ეს წესები და სწორად დაგეგმონ პროცესი, რომ სამუშაო დროის არასწორმა მართვამ დროთა განმავლობაში არ გამოიწვიოს შრომითი ექსპლუატაცია და შემდგომ მნიშვნელოვანი ფინანსური მოთხოვნები და სამართლებრივი დავები.
ასევე იხილეთ: ᲡᲐᲡᲬᲠᲐᲤᲝ ᲒᲐᲤᲠᲗᲮᲘᲚᲔᲑᲐ – ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲤᲘᲜᲐᲜᲡᲣᲠᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲡ ᲐᲛᲙᲐᲪᲠᲔᲑᲡ!





















































