აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის საპატიმროში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელიძე გარდაიცვალა, ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
“მიუხედავად დიდი მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ართმელიძე 23:22 საათზე გარდაცვლილად გამოცხადდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დადგინდება” – აცხადებენ უწყებაში.
როგორც ABC News წერს, ართმელიძე 50-ე ადამიანია, რომელიც ICE-ის საპატიმროში გარდაიცვალა. ის 2026 წლის თებერვალში ნიუ-ორლეანში, ოპერაციის ფარგლებში დააკავეს და ლუიზიანას შტატში, უინის სასჯელაღსრულების ცენტრში, 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ართმელიძეს აშშ-ში ლეგალური სტატუსი არ გააჩნდა.
ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ართმელიძე 4 ივნისს გარდაიცვალა.
უინის სასჯელაღსრულების ცენტრი, სადაც ქართველი მიგრანტი იმყოფებოდა, ბოლო პერიოდში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინსპექციამ დაწესებულებაში არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ანტისანიტარია და ზედამხედველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები გამოავლინა.





















































