ამერიკის ვიზა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მასშტაბური პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება 55 მილიონზე მეტი გაცემული ვიზის მფლობელის მონაცემები. ინიციატივა დაკავშირებულია იმიგრაციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევებთან და მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დოკუმენტაციის გადამოწმებას.
ოფიციალური ინფორმაციით, შემოწმება მოიცავს სამართალდამცავი ორგანოების ჩანაწერებს, იმიგრაციის ისტორიას, სოციალური მედიის აქტივობასა და ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი. მიზანია დადგინდეს, ხომ არ გადააჭარბეს მფლობელებმა ვიზით განსაზღვრულ ვადას და ხომ არ უკავშირდებიან ისინი დანაშაულებრივ ან ტერორისტულ საქმიანობას. დარღვევის შემთხვევაში, ვიზა გაუქმდება, ხოლო თუ პირი უკვე იმყოფება აშშ-ში, შესაძლოა, დეპორტაცია დაეკისროს.
აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტისა და მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ცნობით, ახალი რეგულაციები ასევე ითვალისწინებს მიგრანტების სოციალური ქსელების მონიტორინგს, რათა გამოვლინდეს „ანტიამერიკული იდეოლოგიები“. როგორც უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, აშშ-ში ცხოვრება და მუშაობა პრივილეგიაა და არა უფლება, ამიტომ იმ პირებმა, ვინც საჯაროდ აკრიტიკებს ამერიკულ პოლიტიკას, შესაძლოა ვიზის მიღებაზე უარი მიიღონ.
Fox News-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ვიზების გაუქმების მაჩვენებელი გაორმაგდა წინა წელთან შედარებით. მხოლოდ ბოლო მონაცემებით, გაუქმდა დაახლოებით 6000 ვიზა, ძირითადად, ვადის გასვლის, კანონის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, ძარცვისა და ტერორიზმის მხარდაჭერის გამო.
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვიზის ყველა მფლობელი „მუდმივ შემოწმებას“ გადის და პროცესი გაგრძელდება, რათა უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და კანონის შესრულება.
Tag: ამერიკის ვიზა
ასევე დაგაინტერესებთ: ევროკავშირში შესვლის წესები იცვლება – ზუსტი თარიღი ცნობილია





















































