“საკუთარი 13 წლიანი ემიგრაციული სამუშაო გამოცდილებიდან მინდა რამდენიმე ოქროს წესი გაგიზიაროთ (ჩემ შემთხვევაში იტალიიდან) მოხუცის (მოსავლელის) მოვლასთან დაკავშირებით, რომელიც გამოგადგება შენ, როგორც ახალ ჩამოსულს, ასევე უკვე პრაქტიკოსს” – ქართველი ემიგრანტი იტალიაში სოფია ქაჯაია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს ემიგრანტებს.
1) იტალიური ენის ცოდნა აუცილებელია, იმაზე მეტად, ვიდრე ლეგალური საბუთი. თუმცა, მიუხედავად არც ერთის ფლობისა, სამსახურს აუცილებლად იპოვი და ენასაც პრაქტიკაში აითვისებ.
2) უკვე დასაქმებული აკეთებ იმ საქმეს, რაც გევალება. ზედმეტი ვალდებულების აღებისას, დამსაქმებელი არც მადლობას გეტყვის და მითუმეტეს ხელფასსაც არავინ მოგიმატებს.
3) პატივი ეცი შენს საზღვრებს. ნუ უამბობ დამსაქმებელს ზედმეტად შენი პირადი ცხოვრების, მომავალი გეგმების და ოჯახის შესახებ, დაიცავი დისტანცია.
4) ასევე, პატივი ეცი შენს დასვენების საათებს. “სად ვიარო”, “რა ვაკეთო გარეთ” – არა! თუ ოჯახი სადაც მუშაობ შენი კონკრეტული დროის გამოყენების სანაცვლოდ არ იხდის, ნუ დარჩები სამუშაო გარემოში.
5) თანაცხოვრებით სამსახურში ღამით მუშაობა არ გევალება (თუ ხშირად იღვიძებ, დამსაქმებელმა ცალკე უნდა გადაიხადოს). ასევე არ გევალება გენერალური დასუფთავება. თუმცა, კანონი გავალდებულებს მოხუცი (მოსავლელი) სადაც ცხოვრობს, ჰქონდეს სუფთა და მოწესრიგებული გარემო.
6) დღის განმავლობაში მოხუცთან (მოსავლელთან) საავადმყოფოში ყოფნა კანონით ვალდებულებაა, ღამე – ცალკე ანაზღაურებადია.
7) არ უმკურნალო მოხუცს (მოსავლელს) თვითნებურად. ეს დანაშაულია! ასევე არ ხარ ექთანი, ან ფიზიოთერაპევტი.
8) პირველივე შეხვედრაზე გაარკვიე სულ მცირე დეტალიც კი, არ მოგერიდოს დასვა ყველა კითხვა, რაზეც პასუხი გინდა მიიღო.
9) ასევე პირველ შეხვედრაზე ნუ იქნები ზედმეტად ვულგარული. შენი არც ჩაცმულობა უკვირთ, არც მაკიაჟი.
10) არ ხარ ვალდებული იკვებო მოხუცის წესებით. ამისთვის გამოყოფილია მომვლელის კვების ფული, დამსაქმებელი კი ვალდებულია გადაიხადოს ის ,თუ რადიკალური სხვაობაა მოხუცის (მოსავლელის) კვებასა და შენს შორის.
11) გახსოვდეს, შენი დამსაქმებელი შენი მეგობარი არ არის!. ამიტომ, არასდროს თქვათ მასთან თქვენი გეგმა სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, მან შესაძლებელია შენს გეგმაზე ადრე გაგათვისუფლოთ სამსახურიდან, ამის სრული უფლება აქვს.
12) ნუ გამოფენ შენს ღიმილიან ფოტოებს მოხუცთან (მოსავლელთან) ერთად. მერწმუნე არასასიამოვნო ჟესტია. შენი სამსახური პირადი ცხოვრებასავით, მხოლოდ შენთვის შეინახე.
13) დამალე ხელფასი! აქ მეტნაკლებად ყველას ერთნაირად გვიხდიან და თუ შენ სხვაზე მეტს გიხდიან, ნუ “დაახარბებ” სხვას. კანონი ერთია, თუმცა, იტალიაში ყველა ოჯახი და სოციალური ფენა სხვადასხვაა.
14) არალეგალურად მომუშავე ემიგრანტი, თანაბარია ლეგალურად მომუშავე ემიგრანტისა. რეალურად, ეს კანონი დაწერილი არ არსებობს, ამიტომ სამსახურში პირველივე შეხვედრაზე გაარკვიეთ თქვენი უფლებები – რაზეა დამსაქმებელი თანახმა და რაზე არა.
15) ნუ იქნები თვითმგვემი. შენ ემსახურები საქმეს, რომელსაც კაცობრიობის გადარჩენა ჰქვია. წარმოიდგინე, რამხელა მადლია შენში როცა მოხუცს (მოსავლელს) შენი იმედი აქვს და შენ მას სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარები. არასდროს მიეცეთ სასოწარკვეთას. შენ ასრულებ მეტად მნიშვნელოვან მისიას, მხოლოდ შენი ქვეყნის გარეთ.
16) შენ მუშაობ თანაცხოვრებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თან მუშაობ, თან ცხოვრობ…რაც ასევე ნიშნავს მიირთმევ როცა გინდა, ისაუბრებ ტელეფონზე როცა გინდა (ზომიერად), იბანავებ მაშინ როცა გინდა და ტელევიზორს უყურებ მაშინ როცა გინდა (მოხუცის საჭიროების დაკმაყოფილების შემდეგ).
17) გახსოვდეს, რომ ნებისმიერი მუდმივი სამსახური დროებითია, ამიტომ სამსახურში შესვლისთანავე გადადე შენთვის მინიმუმ 100 ევრო ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს.
18) გაიჩინე ჰობი! აკეთე საყვარელი საქმე თავისუფალ დროს. ეს გაგიმარტივებს ემიგრაციულ ყოველდღიურობას.
19) სამსახურის ერთმანეთისთვის წართმევა “ტეხავს”, ასევე “ტეხავს” სამსახურში ფულის აღება.
20) და ბოლოს, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოტივაციო მანტრა,რამაც მე 13 წელი შემასრულებინა იტალიაში – “გახსოვდეს, დღეს შენ ხარ აქ, საიდანაც ხვალ იქნები იქ, სადაც გინდა რომ იყო”!
სულიერ სიმშვიდეს, მდგომარეობის მიმღებლობას და ჯანის სიმრთლეს გისურვებთ, ჩემო საყვარელო ემიგრანტებო.





















































