ჟურნალისტი ნანა საჯაია სოციალურ ქსელში საინტერესო შეხვედრის შესახებ ფოტოს აქვეყნებს და გვიზიარებს ინფორმაციას, საიდანაც ვიგებთ, რომ შესაძლოა მალე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შესახებ გადაღებული სერიალის, “ფაუდას” გაგრძელება ვიხილოთ.
“დოროოონ!!!
ერთდროულად მივედით კონგრესში და უსაფრთხოების შემოწმებას რომ გავდიოდით, ვუთხარი, ახლა მეგონა, იარაღს დააძრობდი და სროლას დაიწყებდი მეთქი. არ ქნა. როგორც შევედით, ისე გამოვედით, phewwww :))))
მოვუყევი, როგორ შემარცხვინეთ აქ მისმა ქართველმა ფანებმა, აქამდე რომ არ მქონდა სერიალი ნანახი. ჩავაბარე ანგარიში, რომ გადაბმულად ვნახე ოთხივე სეზონი ერთ კვირაში და ვაჩვენე ფოტო, როგორ (თითქმის) მეძინა სამსახურში.
მეხუთე სეზონს ახლა ვწერთ და, იმედია, 2025-ში მზად გვექნებაო.
ლიორმა თქვა, შარშან საქართველოში ფილმის გადაღებები მქონდა, მომავალ წელს გამოვა ფილმიო, სახელად “სოდა”.
კიდევ ხაჭაპური მიყვარს და “სტამბას” არ მირჩევნია სასტუმროო.
ვითარცა პროდიუსერმა, ვკითხე, ინტერვიუებს რად არ იძლევი მეთქი. ასეთი გამოთქმა გვაქვს,
მხოლოდ იმ ინტერვიუს არ ნანობ, რომელიც არ მიეციო” – წერს ნანა საჯაია.