„უპრეცედენტო“ – ასე დაახასიათა ბრიტანულმა საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-მა მსოფლიოში ყველაზე “ძლიერი” პასპორტების 2024 წლის მაჩვენებელი. პირველად ისტორიაში, რეიტინგის სათავეში ექვსი ქვეყანაა. გასული წლების მონაცემებს, ანუ იაპონიასა და სინგაპურს, ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო დაემატა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს, მსოფლიოში არსებული 227 ქვეყნიდან ოვუზო მიმოსვლა 194 ქვეყანაში აქვთ.
ბრიტანული საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners აღნიშნულ რეიტინგს 2006 წლიდან ადგენს. ამ ტიპის მრავალი რეიტინგი არსებობს, მაგრამ Henley & Partners-ის “პასპორტის ინდექსი” რჩება ყველაზე ავტორიტეტულად, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებს. ჯვარედინი გამოკვლევის შედეგად ფასდება 199 ქვეყნის პასპორტი, რომელიც მათ აკავშირებს მსოფლიოს 227 შესაძლო მიმართულებასთან. ინდექსის შედგენის მექანიზმი მარტივია: თითოეული პასპორტის ჯამური ქულა უდრის მიმართულებების რაოდენობას, რომლებისთვისაც ვიზა არ არის საჭირო.