20 ოქტომბერი, იტალია, ემპოლი, სტადიონი “კარლო კასტელანი – კომპუტერ გროს არენა”. “სოლდ აუთი” და გადავსებული ტრიბუნები. ემპოლი, სერია ა-ს ლიდერ ნაპოლის მასპინძლობს. გულშემატკივრთა ტრიბუნებზე შენიშნავთ თეთრ-წითელ ხუთჯვრიან დროშებსაც. მიზეზი მარტივი გასაგებია, მინდორზე, ერთმანეთს, ორი ქართველი უპირისპირდება. ემპოლის მცველი (რომელიც უკვე მერამდენე შეხევდრაა ძირითად შემადგენლობაშია) საბა გოგლიჩიძე და ნაპოლის და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.
სანამ მატჩისას განვითარებულ მოვლენებზე გადავალ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო მათი დუელი, ეს იყო პროფესიონალიზმის კლასიკური მაგალითი. გოგლიჩიძე, ფართო საზოგადოებამ მხოლოდ წლევანდელ ჩემპიონატში გაიცნო, მიუხადავად იმისა, რომ ემპოლიში უკვე მეორე წელია ირიცხება. როგორც პრესკონფერენციაზე ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე ემპოლის მწვრთნელმა დ’ავერსამ გვიპასუხა, საბას ძალიან დიდი წინსვლა აქვს. მწვრთნელის განცხადებით წელს, როდესაც ის კლუბში მივიდა, გოგლიჩიძეს ვარჯიშიც კი უჭირდა. ახლა კი ვეტერანივით თამაშობს, თუმცა, დაამატა, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა დავაკისროთ. გოგლიჩიძემ ემპოლიში წარმატებული მატჩების სერიის შემდეგ, საქართველოს ნაკრების საგზურიც მოიპოვა და ნაკრების ღირსეულ მომავალ მცველად მოიაზრება. მისი ღირებულება, ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, სულ რაღაც ორ თვეში, 300 000 ევროდან 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
კვარაცხელია, მიუხედავად კონტრაქტთან დაკავშირებული სირთულეებისა, თითქმის ყოველთვის ახერხებს, რომ თამაშის ბედი შეცვალოს და რაც მთავარია, ამას თავისებურად, მოულოდნელად, ლამაზად და ტექნიკურად მაღალ დონეზე აკეთებს. ისე, როგორც მხოლოდ ტალანტებს შეუძლიათ.
მატჩის პირველ ტაიმში, ემპოლი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ნაპოლი. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ნაპოლი კლასიფიკაციაში პირველი ადგილის დაკარგვის შიშით თამაშობდა. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა, თუმცა ტექნიკური მონაცემების მიხედვით, ემპოლის უპირატესობით.
მეორე ტაიმში, ნაპოლის მწვრთნელის, მიერ განხორციელებულმა ცვლილებამ მატჩის მსვლელობაზე გავლენა მოახდინა. კონტემ ლუკაკუ სიმეონეთი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ნაპოლი აშკარად გამოცოცხლდა და შეტევით თამაშზე გადავიდა.
შეხვედრის 61-ე წუთზე, პოლიტანოს წინააღმდეგ ფაუსტინო ანჯორინის საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის, მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
მატჩის შემდგომ კონფერენციაზე ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ პენალტების პირველი შემსრულებელი ამ ეტაპზე გუნდში ლუკაკუა, მას კვარაცხელია მოსდევს და შემდეგ დი ლორენცოა. როგორც ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ ლუკაკუს იმ მომენტისთვის მინდორი დატოვებული ჰქონდა, პენალტის დარტყმა კვარაცხელიას ხვდა წილად და შესანიშნავადაც გამოუვიდა. მისმა თავდაჯერებულობამ და სიზუსტემ შესაძლოა კონტეს აზრი შეაცვლევინოს და პენალტების შემსრულებელთა სიას გადახედოს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასთვის ეს მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე გოლია. ნაპოლი ამ ეტაპსითვის 19 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო ემპოლი 10 ქულით მეთერთმეტე ადგილს იკავებს.
შემდეგ შეხვედრას ნაპოლი 26 ოქტომბერს სახლში, ლეჩესთან გამართავს, ხოლო ემპოლი 27 ოქტომბერს სტუმრად პარმას დაუპირისპირდება.
რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრს თუ მივაწერდით იმას, რაც დღეს ხდება, რომ ქართული მედია, წამყვანი იტალიური მედიის გვერდით, ადგილიდან, ჟურნალისტთა ტრიბუნიდან აშუქებს იტალიური უმაღლესი ლიგის შეხვედრას და ყვება ქართველების შესახებ, რომლებიც საქართველოში საქართველოსთვის იბრძვიან, ხოლო იტალიაში “ერთმანეთის წინააღმდეგ” და ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.
ნინა მამუკაძე სპეციალურად ემპოლიდან