იტალიაში, რომის პრესტიჟულ საერთშორისო კინოფესტივალზე, Roma cinema fest-ის წითელ ხალიჩაზე იტალიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი და მომღერალი, ლუკა ჩიქოვანი ვიხილეთ. დუეტ მასბედოს მიერ გადაღებული ფილმის “ARSA” პრემიერა 18 ოქტომბერს გაიმართა. პრემიერაზე სრული ანშლაგი იყო. ბილეთები სულ რამდენიმე წუთში გაიყიდა.
ლუკას, ფილმში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს და გადაღების პროცესს ემოციურად იხსენებს: “ძალიან აღელვებული ვარ… ეს ჯადოსნური ფილმი ვულკანური წარმოშობის კუნძულ სტრომბოლზე გადავიღეთ. საოცარი გუნდი შევიკარით, რომელიც ჩემთვის ოჯახივით გახდა. მოუთმენლად ველი, რომ გითხრათ მეტი, იმ შესანიშნავი მეგობრობისა და გიჟური თავგადასავლების შესახებ.”
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუკა ფილმის პრემიერაზე არა შეთავაზებული კოსტიუმით, არამედ ქართული ნაციონალური სამოსით წარსდგა და საოცარი შთაბეჭდილებაც მოახდინა.
“ამჯერად, გადავწყვიტე არ ჩამეცვა ის კოსტიუმები, რომლებიც შემომთავაზეს სხვადასხვა საერთაშორისო მოდის ბრენდებმა, რადგან მინდოდა ჩამეცვა ჩემი ტრადიციული ქართული სამოსი, მინდოდა წარმომეჩინა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ჩვენს სამშობლოშია და მეჩვენებინა ჩვენი ეს ტრადიცია. მინდა გითხრათ, რომ მშვენივრად ერგება ევროპულ რეალობას. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენმა ადამიანმა და ჟურნალისტმა მთხოვა ინფორმაცია ჩემი ქართული კოსტიუმის შესახებ, ამით მინდოდა ხაზი გამესვა საქართველოში შექმნილი ვითარებისთვის და რომ ვერასდროს ვიგრძნობდი თავს უფრო ამაყად, ციდრე ამ სამოსში, რომელიც ჩემთვის საქართველოს რაინდებს წარმოადგენს,” – აცხადებს ლუკა ჩიქოვანი.