“მჯერა, რომ ჩემი საქმით საქართველოს ვეხმარები”
ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ აფიქსირებს საჯარო სიამაყეს ქართველობის გამო და მიიჩნევს, რომ მამობის შემდეგ მისი ყოველი ახალი დღე უზომო ბედნიერებით იწყება.
“ერთ დღეს იღვიძებ და უკვე მამა ხარ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა, ყოველ დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედია, ამ სიხარულს ყველა ადამიანი გამოცდის ცხოვრებაში”.
“მინდა ჩემს შვილს ვასწავლო, როგორ უნდა იყოს ძლიერი, რადგან ცხოვრება სირთულეებითაა სავსე და ყოველთვის, როცა პრობლემას გადააწყდები, უნდა იპოვო შენში ძალა, რომ აწიო თავი და გადალახო ყველა დაბრკოლება. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომელიც ცხოვრებაში გავიარე, ამ გზამ შექმნა ხვიჩა კვარაცხელია”.
როცა FIFA-ს ჟურნალისტმა ხვიჩას ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისთვის ქართველობა, ქართველმა ფეხბურთელმა საკმაოდ ემოციური პასუხი გასცა.
“მინდა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. როცა ვუყურებ, რას ვაკეთებ ამ მომენტში, მჯერა, რომ ჩემი საქმით ვეხმარები საქართველოს, საქართველოც მეხმარება მე. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ, რომ ჩემმა ქვეყანამ მისი შვილით იამაყოს” – უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს.
ხვიჩა კვარაცხელია მოქმედ ფეხბურთელებში საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია. 36 მატჩი, 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.
წყარო: Geo Team