საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები ნიჭიერი ქართველების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი პოპულარიზაცია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი ემიგრანტი, თვითნასწავლი მქარგველი ნინო სამხარაძე. ქალბატონი ნინო 2017 წლიდან იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში ცხოვრობს. წარმოშობით საჩხერედან არის. მან ქარგვა 16 წლის წინ დაიწყო. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა საუბრისას აღნიშნა, ქარგვა ეხმარება შეუმსუბუქოს საკუთარ თავს ემიგრანტობა.
– რასთან ასოცირდება თქვენთვის ემიგრანტობა?
– უკვე შვიდი წელია ემიგრაციაში, იტალიაში ვარ. ჩემთვის ემიგრანტობა ჩემი ქვეყნის, შვილების, მშობლების, დედმამიშვილების და ყველა საყვარელი ადამიანის მონატრებასთან ასოცირდება.
– როგორ აღმოაჩინეთ თქვენში ქარგვის ნიჭი?
– ქარგვა დავიწყე მაშინ, როდესაც გამოსავალს ვეძებდი, ვეძებდი ჩემს თავში ძალას, რომელიც ფეხზე დადგომაში დამეხმარებოდა. ეს იყო 16 წლის წინ. მაშინ დავიწყე პირველ ნაქარგზე მუშაობა, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. ეს ნამუშევარი უძვირფასესია ჩემთვის, მაშინ პიონები მოვქარგე.
– ხართ თვითნასწავლი და გაქვთ ულამაზესი ნამუშევრები, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ აუცილებელია პროფესიული განათლება… თქვენ რა აზრის ხართ?
– იმისთვის რომ შექმნა შესანიშნავი ნამუშევრები და შედეგით კმაყოფილი დარჩე თვითონ და ამასთანავე ვინც ასე გულდასმით ადევნებს თვალს შენს შემოქმედებას, ვფიქრობ აუცილებელია განათლება იმ დარგში, რადგან ეს აღრმავებს ცოდნას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, როგორც აღვნიშნე თვითნასწავლი ვარ.
– გარდა იმისა, რომ მოგწონთ ქარგვის პროცესი, გულს უხარებთ საყვარელ ადამიანებს, რა მოგცათ ქარგვამ?
– ქარგვამ ბევრი რამ მომცა. შევიძინე ბევრი მეგობარი ამ სფეროში და არა მარტო ამ სფეროში. მთავარი მაინც ის არის, რომ ძალიან მიმსუბუქებს ემიგრანტობას.
– რომელია თქვენი ფავორიტი ნამუშევარი?
– ფავორიტ ნამუშევრად დღემდე რჩება “ბავშვი შლაპით”.
– გქონიათ შემთხვევა, რომ უკმაყოფილო დარჩენილხართ თქვენივე ნამუშევრით?
– იმისთვის, რომ ნაქარგი კარგი და დახვეწილი გამოვიდეს (და ზოგჯერ 4-5 თვის ნაშრომი წყალში არ ჩაგეყაროს), აუცილებელია ხარისხიანი სქემა, ნებისყოფა, მთელი გულით და მონდომებით ქარგვა და რაც მთავარია “შენი საქმის სიყვარული”.
– ქარგვა როგორც შემოსავლის წყარო… დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუჩნდება სურვილი შეიძინოს თქვენი ნამუშევრები, ან საჩუქრად დაგამზადებინოთ. ხართ ამისთვის მზად?
– არასოდეს გამიყიდია ჩემი ნაქარგი. ჩუქებით კი ბევრი გამიჩუქებია. შესაძლებელია მივიღო შეკვეთა და დამკვეთის მიერ არჩეული ნამუშევარი მოვქარგო.
– რა დრო ეთმობა დღის მანძილზე და ზოგადად რა დროს ანდომებთ ნაქარგის დასრულებას?
– რთულია იმის თქმა, თუ რა დროს ვუთმობ ერთი დღის განმავლობაში ჩემ საყვარელ საქმეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სირთულის სამსახურში ვმუშაობ. ძირითადად, ჩემ დასვენების დროს ვიყენებ, ან გვიან, ღამის საათებს…
– და ბოლოს, სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე ადრეა საუბარი. სურვილი მაქვს მოვაწყო პერსონალური გამოფენა, ამისათვის კიდევ ბევრი შრომა მომიწევს. თუმცა, ამ წლის 9 მარტს ჩატარდა გამოფენა, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ “მუზა”-ში, სადაც დიდ ხელოვან მხატვრებს შორის, ჩემი ნაქარგიც იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს, მეგობრებს, ახლობლებს, ვინც მოლოდინის რეჟიმშია თუ, რა სიახლეებს დავდებ. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს. ისინი არიან ჩემი ძალა და პირველი შემფასებლები.