საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები: საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე მოაწერა ხელი.
„პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.
დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ. დღეიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს.
„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.
26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.
პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს ყველაზე დიდი მასშტაბით გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების – ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. სულ გაიხსნება 3030 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.