უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა – პასუხი ყველა კითხვაზე
ხშირია ინტერესი საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის ე.წ. თეთრი პასპორტის ირგვლივ. ჩვენ ვეცადეთ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები შეგვეკრიბა, შეგვევსო და ამომწურავი ინფორმაცია მოგვეწოდებინა ჩვენი მკითხველისთვის. ყველა კითხვაზე იტალიაში საქართველოს საკონსულოსთან კონსულტაცია გავლილი, შესაბამისად, გაწვდით უტყუარ და გადამოწმებულ ინფორმაციას:
რა შემთხვევაში გასცემს საკონსულო დასაბრუნებელ მოწმობას?
– დოკუმენტის სახელწოდებაა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, შესაბამისად დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში დაბრუნება სურს და არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი ანუ პასპორტი, რომელიც დაკარგა, ან ვადაგასულია.
საჭიროა თუ არა, საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნა, აღნიშნული საბუთის მისაღებად და კვირის რომელ დღეებშია შესაძლებელი მისი მიღება?
– დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისთვის განსაზღვრულია სამშაბათი დღე, თუ მოქალაქეს არ აქვს დანიშნული ვიზიტი და წარმოადგენს ბილეთს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ შემდეგ დღეს მიემგზავრება საქართველოში. სამშაბათს არის ცოცხალი რიგი და მიღება წარმოებს 14 საათამდე, გამონაკლისი და გადაუდებელი შემთხვევების გარდა. ასეთ შემთხვევებში უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე +39 333 8879123
თუ მოქალაქისთვის წინასწარ არის ცნობილი გამგზავრების თარიღი, უნდა დანიშნოს ვიზიტი დასაბრუნებლი დოკუმენტის მისაღებად, ოღონდ უნდა განსაზღვროს პერიოდი, რადგან დასაბრუნებელ დოკუმენტს აქვს ვადა.
როდის ხდება უკვე მზა დოკუმენტის გატანა და რა ვადა აქვს აღნიშნულ საბუთს?
– დოკუმენტს აქვს მხოლოდ 14 დღიანი ვადა და გაიცემა იმავე დღეს, ანუ მოქალაქეს მეორეჯერ საკონსულოში მისვლა არ დასჭირდება.
რა არის დასაბრუნებელი მოწმობის საფასური?
– დასაბრუნებელი მოწმობის საფასურია 34€ სრულწლოვანისთვის, ხოლო არასრულწლოვანისთვის უფასოა.
განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა თუ არა და რა ტიპის დოკუმენტი, ან ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს პირმა, საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად?
– ნებისმიერი მომართვიანობის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაბრუნებლის შემთხვევაში ვადაგასული პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა…. მხოლოდ ქართული დოკუმენტი.
რა ტიპის ინფორმაციაა დოკუმენტზე დატანილი?
– დოკუმენტზე დატანილია სურათი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობის ქვეყანა. დასაბრუნებელი მოწმობით პირი ბრუნდება მხოლოდ საქართველოში. ამ დოკუმენტით მოქალაქე სხვა ქვეყანაში გადაადგილებას ვერ შეძლებს.
და ბოლოს, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა – ამ ტიპის საბუთით საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, არის თუ არა დეპორტის ჩარტყმის საშიშროება და ინახება თუ არა საქართველოს, ან უცხო ქვეყნის (რომელ ქვეყანასაც ტოვებს პირი) მონაცემეთა ბაზაში ინფორმაცია, რომელმაც შესაძლო, პირს სამომავლოდ, საზღვრის კვეთისას, დაბრკოლება შეუქმნას?
– ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვნად, არა! დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება და ხელზე არ აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი!
პ.ს. ამ დოკუმენტით, საქართველოდან სხვა ქვეყნების მიმართულებით, ვერ გადაადგილდებით.
მოამზადა ნინა მამუკაძემ