ექიმობა მხოლოდ პროფესია როდია, ეს ცხოვრების გზაა, რომელსაც ადამიანი გაცნობიერებულად ირჩევს. ექიმის პროფესია მოითხოვს, არა მხოლოდ ცოდნას და გამოცდილებას, არამედ, ემპათიას, მუდმივ მზაობას ახალი გამოწვევების დასაძლევად და პასუხისმგებლობას თითოეული პაციენტის მიმართ. ექიმის გზა რთული და არაერთგვაროვანია. მათი პროფესია, გარდა ინტელექტუალური გამოწვევებისა, მაღალი სტრესითა და ემოციური წნეხითაც ხასიათდება. ექიმებს ყოველდღიურად უწევთ რთულ სიტუაციებთან გამკლავება, პაციენტებისა და მათი ოჯახების ემოციური მხარდაჭერა. ეს შეიძლება იყოს ძალიან დამღლელი და გამომფიტავი.
Tag: ემიგრანტი ექიმი

არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას – ერთია, იყო წარმატებული რაიმე კონკრეტულ სფეროში და მეორეა, ამ წარმატებას, ყოველ დღე, ზეიმობდე უცხო მიწაზე. ჩვენი რუბრიკა “გზაჯვარედინი” ტრადიციას, არც ამჯერად ღალატობს და დღეს, საკმაოდ საინტერესო, საერთაშორისო დონეზე პროფესიონალი გვყავს სტუმრად. ფლორეციაში მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნანა ხითარიშვილი ERMES TV-ის უყვება რა გზა გაიარა 80-იანი საბჭოური წლებიდან დღემდე და როგორ გახდა იტალიაში საკმაოდ რთულად მისაღწევ პოზიციაზე, მედიცინის მუშაკი:
– ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად, ორ პერიოდად იყოფა: ემიგრაციამდე და ემიგრაციაში. საქართველოს, ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი პერიოდი უკავშირდება – ჩემი ბავშვობა. მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი წლების თაობას ვეკუთვნი და მოგეხსენებათ, ეს წლები, საკმაოდ რთული პერიოდი იყო ეკონომიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, მაინც ტკბილად მახსენდება. ალბათ, სწორედ ამ სირთულეებმა განაპირობა ჩემს პიროვნებაში გარკვეული თვისებების ჩამოყალიბება, რაც შემდგომში ძალიან დამეხმარა, ყოველი დაბრკოლების გადასალახად. შემდეგ იყო სკოლის პერიოდი. ამ დროს, უკვე მქონდა სამედიცინო დარგის მიმართულებით დიდი ინტერესი, თუმცა, ამის მიუხედავად, სწავლა, თავდაპირველად, მშობლების რჩევით, სამუსიკო სასწავლებელში დავიწყე და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის სამედიცინო აკადემიაში.
სტუდენტობის პერიოდი, საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, თითქოს, რუტინული სახე მიეცა. ნელ-ნელა იმის გაცნობიერება დავიწყე, რომ ჩემი დიდი ძალისხმევის და შრომის მიუხედავად (პროფესიული თვალსაზრისით), დიდად წინსვლას ვერ ვხედავდი. ვგულისხმობ, პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ფაქტობრივად არ არსებობდა. ამაში, კიდევ უფრო, მაშინ დავრწმუნდი, როდესაც მე-5 კურსზე, საშუალება მომეცა 2 თვით ანკარის უნივერსიტეტში გამევლო პრაქტიკა, სადაც, სულ სხვა რეალობას წავაწყდი: იქაური მე-5 კურსის სტუდენტები, წამყვანი ექიმების გვერდით, აქტიურად მუშაობდნენ უმცროსი ექიმების რანგში. ამ ფაქტმა, კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემში ეს იდეა, რაც უკვე მქონდა და მიბიძგა გადაწყვეტილებისკენ, რომ ახალი შესაძლებლობების, დამოუკიდებლობის და როგორც პირადი, ასევე პროფესიული განვითარების ძიება საზღვარგარეთ მეცადა.
– როგორ აღმოჩნდით იტალიაში და როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა დღემდე?!
– თავდაპირველად, ინგლისურენოვან ქვეყნებს ვგეგმავდი, რადგან ინგლისურს კარგად ვფლობდი, მაგრამ შემდეგ, ისე მოხდა, რომ ნათესავის მოსანახულებლად ფლორენციაში მოვხვდი და საცდელად, უფრო კი ინტერესისთვის, საბუთები შევიტანე შეცნობაზე. ჩემდა გასაოცრად ძალიან სწრაფად, პოზიტიური შედეგი მომივიდა და მოვხვდი ფლორენციის სამედიცინო უნივერსიტეტში.
კარგად ვიცოდი მარტივი გზა არ მელოდა, მაგრამ ჩემმა მიზანმიმართულობამ და დიდმა სურვილმა, რაც მქონდა იმ პერიოდში, შრომისმოყვარეობამ და რაც მთავარია მოთმინენის უნარმა, რადგანგასავლელი გზა ნამდვილად გრძელი იყო, დახმარება გამიწია ამ ყველაფრის გადალახვაში. ამასმოჰყვა სპეციალიზაცია, გავიარე თერაპიული და უფრო კონკრეტულად ე.წ. ოჯახის ექიმის განხრითდა 2020 წლიდან ვმიშაობ ამ დარგში.

– გარდა იტალიელებისა, დახმარებისთვის, თუ მოგმართავენ ქართველი ემიგრანტები?!
– სწორედ ექიმის სტატუსით აღმოვაჩინე, რომ ფლორენციაში ქართველების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ჩემი პაციენტების (დაახლოებით) 10-12%-ს ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ. ზოგი ფლორენციის მიმდებარე რეგიონებში ცხოვრობს, მაგრამ მანძილის მიუხედავად, მაინც მე მანიჭებენ უპირატესობას. რადგან სხვაგან ხშირად, ენის ბარიერიც აქვთ და ეს გასაგებიცაა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემში კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას და მათ მხარდაჭერას მაქსიმალურად ვცდილობ.
– ოჯახი და პროფესია – როგორია თქვენი ყოველდღიურობა?!
– დღესდღეობით, ქალის როლი საზოგადო მოღვაწეობაში უფრო და უფრო ღრმავდება, ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, რომლებსაც, ძირითადად ოჯახი ევალებოდათ. ეს, რა თქმა უნდა, განაპირობებს გარკვეულ სირთულეებს ოჯახის მართვაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურეობრივ საქმიანობასა და ოჯახს შორის, მკვეთრი ზღვარი ვერ იქმნება. ჩემს შემთხვევაში, ხშირად ხდება, რომ არასამუშაო საათებშიც მიწევს დახმარება, ან რჩევის მიცემა. ზოგჯერ, ქუჩაშიც პირველადი დახმარების გაწევა, რასაც, ბუნებრივია, სიამოვნებით ვაკეთებ, მაგრამ ეს არ გეხმარება, რომ ფსიქოლოგიურად განიტვირთო. ამის მიღმა, ხშირად ხდება, რომ რთული დიაგნოზის შემთხვევაში, ან მძიმე დიაგნოზის შემთხვევაშიც, როდესაც დიაგნოზამდე მისვლაც საკმაოდ რთულია, ზოგჯერ ხდება გარდაცვალების შემთხვევებიც – ახალგაზრდა პაციენტებშიც კი. არის შემთხვევები, რომლებიც იმდენად გულთან ახლოს მიგაქვს და იმდენად სევდიან ნალექს ტოვებს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, სამსახურში დატოვო ეს ყველაფერი და სახლამდე არ მოიტანო. ამის მიღმა, ოჯახში ჩვეულებრივად დედა და მეუღლე ვარ. როგორც აღვნიშნე, სამსახურს საკმაოდ ბევრი დრო და ენერგია მიაქვს და ოჯახს ფაქტობრივად ვერ ვუთმობ იმდენ დროს, რამდენსაც ვისურვებდი, მაგრამ, საბედნიეროდ, მყავს ისეთი მეუღლე, რომელიც ძალიან მიჭერს მხარს, ძალიან მეხმარება და გამგებიანია, თუნდაც, იმიტომ, რომ თვითონაც ექიმია და სამედიცინო დარგში მუშაობის ყველა ნიუანსს კარგად იცნობს. რა თქმა უნდა ორივე ვცდილობთ, რომ თავისუფალი დროის ყველა წუთი გამოვიყენოთ და ჩვენს სამ შვილს დავუთმოთ.
– რამდენად რთულია ექიმად თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში?!
– ვფიქრობ, არაფერი ცხოვრებაში ადვილი არ არის და ნებისმიერი მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა, ძალისხმევა, მიზანმიმართულება და დამატებით, ცოტა იღბალიც საჭიროა. უცხო ქვეყანაში, რა თქმაუნდა, ემატება ბევრი ფაქტორი, რაც მხედველობაშია მისაღები. პირველ რიგში, ენის ბარიერი, შემდეგ რთული ბიუროკრატია (ამ შემთხვევაში იტალიაზე ვსაუბრობთ). რა თქმა უნდა, მასპინძელი ქვეყნის განსხვავებული კულტურა, ადათ-წესებიც გასათვალისწინებელია და ჩვენი ახლობლების, საყვარელი ხალხისგან, მშობლიური კერისგან შორს ყოფნა, გარკვეულ მომენტებში ფსიქოლოგიურად გარკვეულ პრობლემას გიქმნის, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხაზს ვუსვამ, რომ თუ ხარ მოწადინებული და თავს არ იშურებ, უცხო წარმოშობით, უცხოური გვარით, დაბალი ეკონომიური სტატუსით და გავლენიანი ნაცნობების ჩარევის გარეშეც შესაძლებელია თავის დამკვიდრება.
– საქართველოსთან რა სახის კავშირი გაქვთ, რამდენად ხშირად ახერხებთ სამშობლოში ყოფნას?
– საქართველოში დედა ცხოვრობს. ბევრი ნათესავი და მეგობარი დავტოვე. იქ, ჩემი გულის ნაწილი დარჩა. გარკვეული მიზეზების გამო, პირველ ხანებში ხშირად ვერ ვახერხებდი ჩასვლას (საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები, სამი ორსულობა, კოვიდის პერიოდი). ბოლო პერიოდში უფრო ხშირად ჩავდივარ. იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება ჩემი აქაური გამოცდილება საქართველოსთანაც გავაზიარო. ამასთან დაკავშირებით პატარა გეგმებიც მაქვს და იმედია შევძლებ მათ განხორციელებას.
– აპირებთ, რომ დაბრუნდეთ? როგორია თქვენი მიზნები ამ მიმართულებით?
– რაც შეეხება, საქართველოში დაბრუნებას, თავდაპირველად, ჩემი მიზანი იყო, საზღვარგარეთ კარგი განათლების მიღება, პროფესიული გამოცდილების მიღება და შემდეგ დაბრუნება, მაგრამ,როგორც ხშირად ხდება, ჩვენ ვგეგმავთ და ცხოვრება დაუკითხავად გვიცვლის გეგმებს. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, რადგან ფლორენციაში ყოფნის დროს გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ჩემი მეუღლე იტალიელია და ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა განაპირობა, ფესვების უფრო ღრმად გადგმა იტალიაში, ვიდრე ვვარაუდობდი. ეს ერთის მხრივ აფერხებს იმ აზრს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დავბრუნდე; მეორე მხრივ, ჩემი დღევანდელი პოზიცია სოციალურ, თუ სამსახურეობრივ დონეზე იმდენად დამაკმაყოფილებელია: სასიამოვნო, სტაბილური, პოზიტიური და იმდენი ძალისხმევა ჩავდე, რომ ამ დონემდე მივსულიყავი, რასაც დღეს წარმოვადგენ, რომ ამ ყველაფერს ასე მარტივად წერტილს ვერ დავუსვამ. ასე, რომ ამ ეტაპზე, ცხადია არ ვგეგმავთ, თუმცა, მომავალში ვინ იცის…

– თქვენი პროფესიული მიღწევების შესახებ მოგვიყევით…
– ჩემს პროფესიულ გზაზე რამდენიმე მომენტი მახსენდება, რაც განსაკუთრებულ დიდ სიამაყეს იწვევს ჩემში და დიდ მიღწევად მიმაჩნია: შეცნობის შემდეგ, რამდენიმე თვე უნივერსიტეტში მომიწია სწავლა, რომ რამდენიმე საგანი გადამებარებინა, რის შემდეგაც დისერტაცია მქონდა დასაცავი და მახსოვს როდესაც მაქსიმალური ქულები ავიღე, ამდენ სტუდენტში ერთადერთმა ქართულმა გვარმა გაიჟღერა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სასწრაფო და გადაუდებელი მედიცინის დარგში, ერთწლიანი მასტერი გავიარე, სადაც მოხვედრა რთული იყო, ადგილები შეზღუდული იყო, იქაც გამოცდა ჩავაბარე, საკმაოდ კარგი ქულები მივიღე და მომეცა საშუალება, რომ მასტერი გამევლო, ვინაიდან ეს სასწრაფო და გადაუდებელი დისციპლინა, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, რაც ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაშიც ძალიან მეხმარება; როდესაც სპეციალიზაციაზე ჩავაბარე (საქართველოში რეზიდენტურას შეესაბამება) და იქაც შეზღუდული იყო ადგილები, ერთ ადგილზე 7-8 ადამიანი მოდიოდა, მაგრამ პირველივე ეტაპზე მოვხვდი და ბოლო იყო ეს უკვე, როდესაც ოჯახის ექიმად მოვეწყვე, სადაც შესაბამისი ეტაპები იყო გასავლელი იმისთვის, რომ მოგვცემოდა საშუალება, აგვერჩია უბანი, სადაც გვსურდა მუშაობა და იქაც ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ეს ძალიან მეამაყება. მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი უცხო ქვეყანაში ხდება, შენი უცხო გვარით, ჩემთვის ეს ორმაგი მიღწევაა.
– რედაქციის გადაწყვეტილებით, თითოეული რესპონდენტი შეკითხვას უტოვებს შემდეგ სტუმარს. წინა ინტერვიუს რესპონდენტი, დიზაინერი, შალი ხიმშიაშვილი გეკითხებათ: უკეთესი ანაზღაურების შემთხვევაში, თქვენს საყვარელ პროფესიას გაცვლიდით, თუ არა, სხვა საქმიანობაში?!
– სერიოზულად თუ უნდა ვუპასუხო, ვუპასუხებდი მარტივად და დაუფიქრებლად – არა! იუმორით თუ უნდა ვუპასუხო, ვიტყოდი: მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტობას შემომთავაზებდნენ, შეიძლება დავფიქრებულიყავი (იცინის).
– რა იქნება თქვენი შეკითხვა?!
– “გზაჯვარედინის” მომდევნო რესპონდენტს შემდეგ შეკითხვას დავუსვამ: დაასახელეთ, რა მიგაჩნიათ მასპინძელი ქვეყნის ერთ დადებით და ერთ უარყოფით ნიშან-თვისებად?!





















































