სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, განახლებული დიზაინის ბიომეტრიული პასპორტებისა და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს. დოკუმენტები გაიცემა იმ პირებზე, ვინც განაცხადს აღნიშნული თარიღიდან გააკეთებს.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტების ღირებულება უცვლელი დარჩება. მოქმედი, ვადიანი დოკუმენტების მფლობელთათვის კი მათი შეცვლა სავალდებულო არ იქნება.
განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი ტიპის საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტები:
- დროებითი ბინადრობის მოწმობა
- მუდმივი ბინადრობის მოწმობა
- დიპლომატიური პასპორტი
- სამსახურებრივი პასპორტი
- ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი
- მოქალაქეობის არმქონე პირის პასპორტი
სააგენტოს ინფორმაციითვე, ახალი დოკუმენტები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების ნიშნებით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და დიზაინში გამოყენებულია ეროვნული თემატიკის ელემენტები.
დოკუმენტების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც იუსტიციის სახლის ფილიალებში, სააგენტოს ტერიტორიულ ოფისებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ისე ონლაინ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: sda.gov.ge.
რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობებს, მათი განახლებული ვერსიის გაცემა 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება.






















































