ყველაფერი ქართული, ხომ, როგორი განსაკუთრებული და საამაყოა, მაგრამ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ვერაფერი შეედრება. მიუხედავად ჟამთა ცვალებისა და ნირთა გადასხვაფერებისა, ეროვნული ღირებულებების მატარებელი, მრავალფეროვანი ქართული ქორეოგრაფია, მუდმივად მოწოდების სიმაღლეზეა, ყოველთვის მოწინავეა და მყარად აქვს ფესვები გადგმული ქართულ კულტურაში. ჩვენი გენების სიღრმეც ხომ, სწორედ, ჩვენივე ეროვნული ღირებულებებით განისაზღვრება?!
ჰოდა, ერთ-ერთი დარგის წარმომადგენელი, ქორეოგრაფი შოთა ნასყიდაშვილი უნდა წარმოგიდგინოთ, რომლის 27-წლიანი ემიგრანტობის ბოლო 15 წელიწადი, სწორედ ეროვნული ღირებულების მქონე საქმეს ეთმობა.
სამშობლოსთვის არაერთი წარმატება მოუტანია, როგორც საქართველოში ყოფნის დროს, ასევე, ემიგრაციაშიც. 60 წლის წინ, ქართული ქორეოგრაფიის ნაწილი გახდა და მას შემდეგ, თავი არ დაუზოგავს, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეყენებინა, რათა საქართველო და მისი კულტურა, მოწინავე ქვეყნებს შორის ყოფილიყო. რუბრიკა “გზაჯვარედინის” დღევანდელი სტუმარი, იტალიაში ქართული კულტურის ერთგვარი ატაშე, ქორეოგრაფი შოთა ნასყიდაშვილი გახლავთ, რომელიც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ERMES TV-ის არაერთ საინტერესო და ექსკლუზიურ დეტალს უზიარებს:

– როგორ გაჩნდა იდეა, ქართული კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ევროპულ ასპარეზზე უფრო აქტიურად გამოგეყვანათ?!
– რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომ რომში დამეფუძნებინა ქართულ-იტალიური კულტურის ცენტრი, გადავწყვიტე დამოუკიდებლად, მარტოს მეკეთებინა ის საქმე, რომელიც ნაწილობრივ დამიკმაყოფილებდა ჩემს სულიერ მოთხოვნას და ცოტა განსხვავებული ფორმით, მაგრამ მაინც ვიქნებოდი ჩემი საყვარელი საქმის სამსახურში. ამ იდეის განხორციელება დავიწყე 2011 წლიდან და აგერ უკვე 15 წელია დაკავებული ვარ საშუამავლო საქმიანობით. ვთანამშრომლობ, როგორც მსოფლიოს მრავალ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ორგანიზატორებთან, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ ანსამბლებთანაც. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში მიწვეული ვიყავი საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრადაც: 2025 Jury Member for the International Competition and Festival of Folklore, Dance and Music “ROME ART FESTIVAL,” Rome – Italy; 2019 Member of the Jury for AICS World Folk Vision, Montecatini Terme – Italy.
-როგორ გახსენდებათ საქართველოში მოღვაწეობის წლები და ყველაზე ხშირად, რომელ პერიოდზე საუბრობთ ხოლმე?!
– საქართველოში მოღვაწეობის ყოველი დღე, ტკბილ მოგონებად არის ჩაბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში, ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია და სიამოვნებით ვსაუბრობ როგორც ბავშვობის, ასევე სტუდენტობისა, თუ, შემდგომ პერიოდებზე..

– თქვენს მეუღლეზე, ქალბატონ ლაურა გოგიაშვილზეც რომ გვიამბოთ: ის პროფესიონალი მუსიკოსია…
– რაც შეეხება ჩემი მეუღლის მუსიკალურ მოღვაწეობას: პროფესიით არის დიპლომირებული დირიჟორი და თეორეტიკოსი. 23 წელია გაფორმებული აქვს უვადო კონტრაქტი და მუშაობს რომის იესოს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ორღანისტად და არის მგალობელი. ასევე, მომღერალთა გუნდი Coro polifonico Musica Creator-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებით. გუნდის პროგრამაშია იტალიური, ქართული და სხვა ერის საგალობები და სიმღერები. სხვათა შორის, ეკლესიაში, სადაც ჩემი მეუღლე მოღვაწეობს, დიდი მაესტრო, ენიო მორიკონე ხშირად ესწრებოდა წირვებს, ვინაიდან მაესტროს ძალიან მოსწონდა მისი ხმა და ორღანზე დაკვრა, მან საკუთარი ხელით დაწერილი, თავისივე ნაწარმოები გადასცა და სთხოვა, რომ ეს სიმღერა ემღერა ეკლესიაში, როგორც გალობა.

– როგორია თქვენი ოჯახის რუტინა?! შვილებზე წავიკითხე, რომ წარმატებული მოსწავლეები იყვნენ.. ამჟამად რას საქმიანობენ?!
– გვყავს ქალ-ვაჟი, ვერიკო და ვახტანგი. ორივემ აქ, იტალიაში წარჩინებით დაამთავრეს საშუალო სკოლა. ვერიკომ ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი “La Sapienza”-ს უცხო ენების ფაკულტეტი, ვახტანგმა აირჩია ინფორმატიკა, დღესდღეობით ორივენი ცხოვრობენ ირლანდიაში და მუშაობენ დუბლინის ერთ-ერთ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიაში.
-თქვენც და თქვენი მეუღლეც, საქართველოშიც საკმაოდ წარმატებულები იყავით თქვენ-თქვენს სფეროებში.. თავდაპირველად, რამ განაპირობა სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილების მიღება?!
– მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი ათეული წელი გავიდა, რაც ემიგრაციაში ვცხოვრობ, სამშობლოს დატოვებასთან დაკავშირებულ მიზეზებზე საუბარი ჩემთვის დღემდე ძალიან მტკინვეულია და საჯაროდ არასდროს ვსაუბრობ. ორი სიტყვით თუ ვიტყვი, ჩემი რამდენიმე “მეგობრის” მოღალატეობრივი საქციელით გამოწვეულმა მძიმე შედეგებმა მიმაღებინა სამშობლოს დატოვების მძიმე გადაწყვეტილება.
– იყო დრო, როცა ეროვნულ სამოსსაც ქმნიდით… საკმაოდ მაღალი რანგის პირებისა თუ ცნობილი ანსამბლებისთვისაც შეგიკერავთ სამოსი…
– 1987 წელს დავაფუძნე მრავალდარგოვანი კომერციული ფირმა, რომლის ერთადერთი მიმართულება იყო ეროვნული სამოსის კერვა. ჩვენი ფირმის ძირითადი უპირატესობა იყო ის, რომ სამუშაოდ მოვიწვიე იმ პერიოდის ყველაზე გამოცდილი და ცნობილი ხელოსნები საქართველოში (გამომჭრელები, მკერავები, მხატვრები და ა.შ) ჩვენ შეგვეძლო დაგვეკმაყოფილებინა დამკვეთის უკლებლივ ყველა მოთხოვნა (ეროვნული სამოსი, აზიურები, ლეკვერთხები, ქამრები, ხანჯლები, შეკრული ყაბალახები და ა.შ). ვამაყობ იმით, რომ წლების განმავლობაში ჩვენთან იკერავდნენ ფორმებს: “სუხიშვილები”, “რუსთავი”, საუნივერსიტეტო და ბავშვთა ანსამბლები საქართველოს ყველა რეგიონიდან. სამხატრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ქალბატონ ნინო სუხიშვილის, როგორც კოსტიუმების მხატვარ-დიზაინერის დებიუტიც ჩვენთან შედგა. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, ბატონ ზვიად გამსახურდიას შვილმა გიორგიმ საქართველოს იმდროინდელი დროშა, შინდისფერი ჩოხით რომ შემოიტანა, ჩვენთან შეიკერა. ცნობილ ფრანგ მსახიბ ბატონ პიერ რიშარს ქართული სამოსი ფილმისთვის “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” ჩვენთან შეიკერა.
90-იან წლებში, ეროვნულ დღესასწაულებზე ქართული სამოსით თუ ვინმე დადიოდა ქუჩაში, უმრავლესობა ჩვენთან შეკერილია. ქართული სამოსის კომპლექტი გაგზავნილი გვაქვს ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონების ოჯახისთვის და უამრავი სხვა…
– ფაქტია, რომ ქორეოგრაფია, არამხოლოდ თქვენი პროფესიის, არამედ, სულის ნაწილიცაა… როდის გადაწყვიტეთ პირველად, იტალიაში ქართული ცეკვის პოპულარიზაცია მოგეხდინათ?!

– სწორად შენიშნეთ, ქართული ხალხური ცეკვა, ჩემი სულის ნაწილად 1965 წელს იქცა, როდესაც პირველი კონცერტის დროს შევისუნთქე სცენის მტვერი, რომელმაც ჩემდა საბედნიეროდ, “დამავაადმყოფა” იმ განუკურნებელი სენით, რომელსაც ცეკვის სიყვარული ქვია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა გადავუხადო: ჩემს (ცეკვის) პირველ მასწავლებელს, ბატონ ვაჟა ნასყიდაშვილს. მადლობელი ვარ ბედისა, რომ წილად მარგუნა ჩემი პედაგოგები ყოფილიყვნენ ქართული ქორეოგრაფიის ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ: ბატონი ავთანდილ თათარაძე, კონსტანტინე (კოწო) მანჯგალაძე, გიორგი სალუქვაძე, გივი ოდიკაძე, მურმან ლომთათიძე. მადლობა ყველა ქორეოგრაფს, ვისთანაც, თუნდაც, მოკლე დროით მქონია პროფესიული შეხება.
იტალიაში ყოფნის პირველი რამდენიმე წელი დამჭირდა უცხო გარემოსთან ადაპტაცია, ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა და ამის შემდეგ, დავიწყე ფიქრი ჩემი სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. იმ პერიოდში, შეუძლებელი იყო რომში ქორეოგრაფად მუშაობა, რადგან ქართველი ბავშვები ძალიან ცოტანი იყვნენ, სარეპეტიციო დარბაზის დაქირავება კი, ძვირი ღირდა და მშობლებს გაუჭირდებოდათ ყველა ხარჯის გაღება. ამიტომ, საერთოდ რომ არ მოვწყვეტილიყავი ჩემ სფეროს, ერთი მხრივ, ნაწილობრივ მაინც დამეკმაყოფილებინა ჩემი სულიერი მოთხოვნილება და მეორე მხრივ, უკეთ გამეცნო იტალიელებისთვის ჩვენი ეროვნული საუნჯე, ქართული ფოლკლორი, გადავწყვიტე მეკეთებინა ის საქმე რასაც ვაკეთებ 2011 წლიდან დღემდე.
– აღარ გკითხავთ რა არის თქვენთვის სამშობლო-თქო, რადგან ვინც თვალს გადაავლებს თქვენს პროფესიულ გზას შეგნებული ცხოვრების, პირველი ეტაპიდან დღემდე, ყველაფერი ისედაც ნათელია. მხოლოდ ის შემიძლია გკითხოთ: სამომავლოდ, თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?!

– ჩემთვის, კითხვაზე თუ რა არის სამშობლო, ასე გიპასუხებთ: როდესაც გავიგე რომ “სუხიშვილების” ოქროს თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი (რომელსაც ვიცნობ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან) მოდიოდა რომში, ცეკვის აკადემიაში მასტერკლასების ჩასატარებლად, რომში წამოსვლამდე ვისაუბრეთ და საუბარში მკითხა თუ, ყველაზე ძალიან რა მინდოდა რომ ჩამოეტანა, რაზეც ვუპასუხე: “ის, რაც ძალიან მენატრება და მინდა, რომ ჩამომიტანო, იმას ვერ ჩამომიტან”-მეთქი, გაკვირვებულმა მითხრა: “განა, რა არის ისეთი, რომ ვერ ჩამოგიტანო?” მე კი პასუხად ვუთხარი – “მინდა საქართველო ჩამომიტანო” რაზედაც მითხრა, რომ მაგ სურვილს ვერ შემისრულებდა. რაც შეეხება, კითხვას, საბოლოოდ, ვაპირებთ თუ, არა საქართველოში დაბრუნებას, მე და ჩემი მეუღლე ნამდვილად ვაპირებთ დაბრუნებას და ცხოვრებას იმ სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომლის სადარი ჩემთვის არ მოიძებნება, ანუ, მესხეთის ძირძველი სოფელი ვალე. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მიწაზე, ან ჩემი ფეხით დავბრუნდები ან დამაბრუნებენ. ვიმედოვნებ, რომ პირველი ვარიანტი შემისრულდება და ცოტა ხანს კიდევ ვიცხოვრებ იქ, საიდანაც 16 წლის ასაკში წავედი.
– ცხადია, სამშობლოსთან ემოციური ბმა გექნებათ, თუმცა, ამჯერად, მაინტერესებს: რამდენად ხშირად ახერხებთ ოჯახით ჩახვიდეთ საქართველოში და როგორია შვილების დამოკიდებულება ყველაფერ ქართულთან?!
– სამწუხაროდ, ამ 27 წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ რომ შვილებთან და მეუღლესთან ერთად ჩავსულიყავი სამშობლოში. ამის ორი მთავარი მიზეზია: თითოეული ჩვენგანის სამუშაო გრაფიკი და ფინანსური მხარე. ცალ-ცალკე კი, თითოეული ჩვენგანი 2-3 წელიწადში ერთხელ ჩავდივართ. მე ბოლოს შარშან ვიყავი, მეუღლე თავის მომღერალთა გუნდთან ერთად წელს, ზაფხულში, მარტვილის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. შვილები მომავალ წელს გეგმავენ ჩასვლას. რაც შეეხება შვილების დამოკიდებულებას ყველაფერ ქართულთან, არის ის, რომ როგორც ყველა ქართველს უხარია საქართველოს წარმატებები და სტკივათ საქართველოს სატკივარი, ისე არიან ესენიც.
– დავუბრუნდეთ მიმდინარე მოვლენებს: რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?!
– დღესდღეობით, ინტენსიურად ვმუშაობ და მომავალი წლის დასაწყისში, ჩემს “ფეისბუკ გვერდზე” გამოქვეყნდება ფოლკლორული ანსამბლებისთვის შესათავაზებელი ფესტივალ-კონკურსების სია, რომელიც საკმაოდ, მოცულობითია, ხოლო ფესტივალების ქალაქებისა და ქვეყნების დასახელება მრავალფეროვანი. წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და 2026 წელს ველოდები კონკურსის ჟიურის წევრად ოფიციალურ მოწვევას იტალიის, პოლონეთისა და უნგრეთისსაერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებისგან.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და უახლოეს პერიოდში, თუ ელოდება საინტერესო ღონისძიება იტალიელებსა, თუ ქართველ ემიგრანტებს?!
– 2026 წელს, ორი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ, ამ პროექტების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და იტალიის მხარის ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდება, ამიტომ დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ.
– ვიდრე, წინა რესპონდენტის შეკითხვას ვუპასუხებდე, მინდა დავაფიქსირო ერთი სასიამოვნო დამთხვევა: ქალბატონი ნანა ხითარიშვილი წარმოშობით მესხია, როგორც მე. ვფიქრობ, მისი წარმომავლობაც არის ვალედან, ისევე, როგორც ჩემი, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი და გავესაუბრებოდი.
რაც შეეხება შეკითხვას: ჩემი გადმოსახედიდან, ბევრ სხვა დადებით თვისებებთან ერთად, იტალიელები ადვილად შემოდიან უცხოელებთან კონტაქტში, იციან დახმარების ხელის გაწვდენა, ისე რომ შენგან სამაგიეროს არ ითხოვენ. უარყოფითი ის აქვთ, რომ იტალიაში მოჭარბებული ბიუროკრატიაა, რაც იწვევს მოქალაქისგან დამატებითი დროისა და ენერგიის ხარჯვას.
– თქვენ, რა შეკითხვას დაუტოვებთ შემდეგ რესპონდენტს?!
– თქვენს შემდეგ რესპონდენტს საუკეთესო სურვილებით ვულოცავ დამდეგ, შობა-ახალ წელს და ვეკითხები: იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ცხოვრობთ იტალიაში, იცნობთ იტალიასა და იტალიელებს, მაინტერესებს, ემიგრაციაში, რომ მოგიწიოთ განმეორებით ცხოვრება კვლავ იტალიაში იცხოვრებდით, თუ არა?!





















































