მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი მრავალმხრივი ადამიანია, მრავალფეროვანი ცხოვრებითა და შემოქმედებით. როგორც თავად აღნიშნავს, თანდაყოლილ არაერთ ნიჭს ავითარებს და მიჰყავს წარმატებამდე. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მუსიკალურ კონკურსში, წერს სიმღერებს და მუშაობს ალბომზე თავის ბენდთან ერთად. მიწვეული იყო კანის ფესტივალზე, სადაც ითანამშრომლა როგორც ვიზაჟისტმა Dolce&Gabbana-სთან და სხვა ბრენდებთან. აღნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერ წინ არის. ამჟამად იღებენ ქართულ სერიალში “სამზარეულო“, მუშაობს მუსიკალურ ალბომზე და უახლოეს მომავალში დაგეგმლი აქვს კლიპის პრეზენტაცია და ორი კონცერტი საზღვარგარეთ.
ნანუკა ქარუხნიშვილი: ზრდასრულ ასაკში ბევრი მიფიქრია, თუ რატომ ავირჩიე სიმღერა… მგონია, რომ წინა ცხოვრებიდან ვმღერი. თავიდანვე მუსიკალური ვიყავი. რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი, ალბათ ორი ან სამი წლიდან. მუსიკა ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ყველაზე მეტად მაბედნიერებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახში არავინ მღეროდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ წინა ცხოვრებიდან გამომყვა. მაქვს მუსიკალური განათლება, დავამთავრე დავით ანდღულაძის შვიდწლედი, სადაც ფორტეპიანოს განხრით ვიყავი, მაგრამ გუნდი უფრო მაინტერესებდა და გუნდის სოლისტობაც მოვიპოვე. შემდგომ იყო ანსაბლი “ნანა“, ასევე “მუსიკის ჰანგების“ ჯგუფი და ა.შ. მოგვიანებით – „ნუცას სკოლა“ და „ახალი ხმა“. ასევე დავამთავრე საესტრადო. შემდეგ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. გარდა
ამისა, სულ ვცდილობდი შემესწავლა არაერთი საინტერესო პროფესია. რაღაც ეტაპზე რუსეთში გადავედი საცხოვრებლად და კვლავ განვაგრძე მუსიკალური კარიერა. მამუკა ონაშვილმა წამიყვანა ერთ-ერთ რესტორანში. რომ მემღერა და აი ასე დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრების მეორე საფეხური, სადაც სულ სხვა მუსიკალური გარემო იყო, სხვა მასშტაბი. ნელ-ნელა გადავეწყვე იქაურ ცხოვრების რეჟიმზე, იქაც ვცადე მუსიკალურ კონკუსებში მონაწილეობა.
ქართველებთან, რა თქმა უნდა, ყველასთან შეხება მქონდა, რესტორანს მალევე დავანებე თავი და გადავედი კონცერტებზე. არაერთ კარგ და საინტერესო ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და მეგობრობა, ალა პუგაჩოვასთან, ასევე ჩემი შვილის ნათლია არის აბრამ რუსო და სხვა. შემდგომ პანდემიის პერიოდში დავბრუნდი თბილისში და შევკარით ბენდი, სახელად „ნანო ბენდი“, ჩემისახელიდან გამომდინარე. ბენდის ხელმძღვანელია უნიჭიერესი მუსიკოსი ზურა მახნიაშვილი. ბენდი უკვე წელიწადნახევარია რაც არსებობს და ვცდილობთ უფრო და უფრო განვვითარდეთ. ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროექტებში და პროგრამებში.
– გარდა მუსიკისა, სხვა არაერთ სფეროშიც აქტიური ხართ და საკმაო წარმატებაც გაქვთ…
– ასეა, ახლა ერთ-ერთ სერიალში „სამზარეულო“ მიღებენ. ჩემი ერთ-ერთი გატაცება არის თეატრი და კინო. თეატრშიც შემომთავაზეს მთავარი როლი და რამდენიმე დღეში ვიწყებ რეპეტიციებს, როლზე მუშაობას. ვმუშაობდი წამყვანად რადიოში „საქართველოს ხმა“, შემდეგ გავაგრძელე რადიო ,,ჩვენებურში“ მუშაობა. მქონდა ჩემი შოუ, რომლსაც ერქვა ,,ოპ შოუ“, ძალიან საინტერესო და რეიტინგული პროექტი იყო. ამ შოუს შემდეგ დავწერე ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის რადიო და ასევე სატელევიზიო ფორმატის პროექტი. დაპატენტებამდე და პროექტის განხორციელებამდე არსად ვსაბრობ დეტალებზე. ამ ეტაპზე ასევე ვსწავლობ ფრანგულს. ვმღერი რვა ენაზე. ძალიან მიყვარს ფრანგული სიმღერა, შეყვარებული ვარ საფრანგეთზე და გადავწყვიტე შევისწავლო ფრანგული ენა, რადგან მომავალში ხშირად მომიწევს საფრანგეთში ყოფნა. ასევე ვარ ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის წევრი და ხშირად გავდივარ შეჯიბრებებზე. ასევე გატაცებული ვარ თხილამურებით და იოგათი.
– თქვენი ერთ-ერთი პროფესია არის ვიზაჟისტობა, ამ პროფესიით მოხვდით კანის ფესტივალზე, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები…
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან მჭირდებოდა ვიზაჟი, რამდენიმე წლის წინ დავიწყე შესწავლა, ჩემი მეგობრის ვიზაჟის სტუდიაში, შემდგომ შემომთავაზეს კანის კინო ფესტივალზე წასვლა, სადაც მსახიობებისთვის და მოდელებისთვის უნდა გამეკეთებინა ვიჟაზი და გარდა ამისა დავესწრებოდი „მაკის“ და „ბობი ბრაუნის“ ვიზაჟის სემინარებს, სადაც კვალიფიკაციის ამაღლება და სერთიფიცირება ხდება. ასევე უნდა მემღერა, რა თქმა უნდა, დავთანმხდი. ასე დაიგეგმა ჩემი ხუთდღიანი ვიზიტი. თუმცა, ამ დღეების განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, კიდევ დავრჩი რამდენიმე დღით და ისეთი ემოციები მქონდა, რომ უკან დაბრუნება არ მინდოდა. Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავუკეთეთ ვიზაჟი მოდელებს.
ერთი ჩვენების დროს, დიზაინერს აკლდებოდა მოდელები და თავისი ორი ლუქი ჩამაცვა. უკრაინელი ქალბატონი იყო, ძალიან მოვეწონე, მომარგო თავისი ნაციონალური სამოსი, რომელიც მუზეუმიდან ჰქონდა წამოღებული. მიწვეული ვიყავი არაერთ საღამოზე, ფილმების პრემიერებზე და ალაფურშეტზე, სადაც გავიცანი ერიკ რობერტსი და სხვა არაერთი საინტერესო ადამიანი. ბევრი მათგანი დამპირდა, რომ საქართველოშიც ჩამოვა. მივიღე არაერთი შემოთავაზება.
– ამჟამად რით ხართ დაკავებული?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმის გარდა რომ სერიალში მიღებენ და ასევე უკვე თეატრში მაქვს მთავარი როლი, მაქვს დაგეგმილი საზღვარგარეთ ორი კონცერტი და ასევე ვემზადებით საახალწლო კონცერტებისათვის.
– რას გვეტყვით სამომავლო გეგემებზე?
– დაგეგმილი მაქვს ახალი კლიპის პრემიერა, რომელიც კინოთეატრში გაიმართება. სადაც მოწვეული იქნება ბევრი ცნობილი სახე და პრესა. ასევე ვგეგმავ კიდევ ერთი კლიპის გადაღებას. მინდა გაგანდოთ, რომ ახლახან უნიჭიერესმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა ახალი სიმღერა დამიწერა, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ჰიტი გახდება და ყველას შეუყვარდება. ძალიან მალე, ახალი სიმღერის პრემიერას და კიდევ ერთ დუეტს შემოგთავაზებთ, რომელიც ახლახან ჩაიწერა და ეძღვნება ერთ-ერთ მომღერალს.
ნეტო ბენდელიანი