ძარცვა სასტიკი მეთოდებით, ასე აღწერს იტალიური მედია კალაბრიის რეგიონში, მონტებელო ჯონიკოში მომხდარ კრიმინალურ ფაქტს. ოთხკაციანი ადგილობირივი და ქართული დაჯგუფების ერთი წევრი პატიმრობაში იმყოფება, დანარჩენი სამი კი მიმალვაშია. პოლიციის ცნობით, მათ იტალიის საზღვრები დატოვეს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ყოფილი დამსაქმებლის, ჯოვანი პიოს საცხოვრებელ სახლში, ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვის მიზნით შეიჭრნენ. თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოჯახის უფროსს და მისი ოჯახის წევრებს: მეუღლეს, შვილს და სიძეს. ძარცვის მომენტში სახლში ასევე იმყოფებოდა რამდენიმე თვის ბავშვი.
1991 წელს დაბადებული დ.ა.თ სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა 15 წელს ითხოვდა.
მსჯავრდებული დ.ა.თ სასჯელის მოხდის შემდეგ გაძევებული იქნება იტალიის ტერიტორიიდან. მას ასევე დაეკისრა მიყენებული ზარალის ანაზღაურება (დეტალები 90 დღეში იქნება ცნობილი).
პოლიციის ცნობით, მიმალვაში მყოფი ორი პირის ვინაობა ცნობილია, მათი ასაკი 27 და 34 წელია. დეტალური ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება.
დ.ა.თ გასამართლდა დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ჩადენის, სასტიკად მოპყრობისა და მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე არასრულწლოვანზე თავდასხმისთვის.