მარინა ხორავა, ერთ-ერთი პირველი და წარმატებული ქართველი დიზაინერია, რომელსაც 80-იან წლებში ტანსაცმლის მოდელიერების საკუთარი ფირმა ჰქონდა და ასევე აცმევდა ქართული ტელევიზიების წამყვანებსა და ჟურნალისტებს. ქალბატონი მარინა, ასევე ცნობილი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მეუღლე გახლავთ. როგორ გახდა დიზაინერი, რატომ აიღო შემოქმედებითი პაუზა, რა რჩევებს მისცემს ქალბატონებს ფერებისა და მოდის ტენდენციების მხრივ და აპირებს თუ არა მოდის ინდუსტრიაში კვლავ გააქტიურებას, დიზაინერმა ERMES TV-სთან ისაუბრა…
– ერთ-ერთი პირველი დიზაინერი ხართ, რომელმაც ტანსაცმლის მოდელების შექმნა და ჩვენება, ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. თბილისში არსებობდა და წარმატებით ფუნქციონირებდა საკმაოდ ცნობილი ფირმა “მარინა ხორავა“, გვიამბეთ ამ წლებზე, როგორ დაიწყო ყველაფერი?
– აკადემიაში ჩაბარებამდე ჩემს მომავალ პროფესიად მოდელიერობას არ მოვიაზრებდი. მინდოდა თეატრალურზე, ან აკადემიაში ჩამებარებინა თეატრის და კინოს მხატვრობაზე. საბოლოოდ კი ჩავაბარე მოდელირებაზე და აკადემიაში სწავლის პერიოდში მქონდა უცხოეთში ჩვენებები. მაშინდელ პერიოდში ეს არ იყო მარტივი. დასაწყისში ცოტა დეპრესიაც მქონდა, მაგრამ ვიცოდი რა მინდოდა. შემდეგ წავედი სასწავლებლად უცხოეთში და პარალელურ რეჟიმში იქ იყო ამერიკულ იტალიური წარმოება და იქ დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით. 80-იანი წლების ბოლოს დავბრუნდი საქართველოში. 90-იან წლებში შევქმენი ჩემი ბრენდი “მარინა ხორავა”. მყავდა მკერავები, მქარგავები, კონსტუქტორები, საუკეთესო აღჭურვილობით ვიყავი, უცხოეთიდან ჩამოვიტანე ქსოვილები, ვამზადებდი ხელით ნამუშევარ კოლექციას პარიზის გამოფენისთვის.
ამ პერიოდში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ზვიად ციკოლია. დავოჯახდი, და გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილები არა ძიძას, არამედ თავად უნდა გამეზარდა, რითიც ჩემმა საქმემ იზარალა. შემდეგ უკვე, ამ ყველაფერს მცირე მასშტაბით კეთება დავიწყე. ვაცმევდი ისევ სატელევიზიო სახეებს, როგორც წინა წლებში. ასევე საპატარძლო კაბებზე და საბანკეტო კაბებზე ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი კოლექციის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე, დღემდე შენახული მაქვს. ჩემი ოცნებაა ისეთი გამოფენა გავაკეთო, როგორც ამ კოლექციას ეკადრება.
– საინტერესოა თქვენი რჩევები ქალბატონებისათვის, უნდა გაითვალისწინონ თუ არა მოდის ტენდეციები?
– მოდის ტენდეციები აუცილებლად გასათვალისწინებელია, ოცდამეერთე საუკუნეში მეცხრამეტე საუკუნის ტანსაცმელს არ ჩაიცვამენ, მაგრამ მოდა დიდად არ შეცვლილა და არ იცვლება. თუ დავაკვირდებით, პოდიუმზე როგორი “კოსწიუმებით” გამოდიან… არაფერი ისეთი გარდატეხვა არ მომხდარა. ქალბატონები და მამაკაცები თუ ჩაიცმევენ 80 ან 90-იანი წლების სამოსს, დიდად შესამჩნევი არ იქნება, რომ ჩაცმის იმ წლების სტილი გვაქვს. მე არ ვარ მომხრე არჩეული სტილის. არიან ადამიანები რომლებიც მხოლოდ კლასიკურ ტანსაცმელს იცვამენ ზოგი მხოლოდ სპორტულს. მე მრავალფეროვნების მომხრე ვარ. ეს არ ნიშნავს რომ ვინმემ იძულებით ჩაიცვას სპორტულად, მხოლოდ იმიტომ, რომ მრავალფეროვნად გამოიყურებოდეს. ჩემთვის არ არის საინტერესო ადამიანი, რომელიც წინასწარ ვიცი რა სტილით გავა ქუჩაში, რა სტილით მივა შეხვედრაზე. უნდა მაინტერესებდეს ახლა ესა თუ ის პიროვნება რა სტილით მოვა, როგორ გამოიყურება… ეს შეეხება ჩაცმულობას, ვარცხნილობას, დამატებით აქსესუარებს.
– რას გვეტყვით ფერებზე და სილუეტზე?
– ფერები ძალიან რთული თემაა, მე აქაც ეკლექტიკის მომხრე ვარ. არ ვარ მაინც და მაინც მომხრე, ყვითელ პიჯაკთან ყვითელი ჩანთა გეჭიროს, ეს ძალიან კარგია მაგრამ შეიძლება მრავალფეროვნების შეტანა, და მრავალფეროვნების შეტანა არის რთული და ამიტომაც ვვარსებობთ პროფესიონალი დიზაინერები, რომლებთანაც შეიძლება ამ შეკითხვების დასმა. ფერებზე ასევე დავამატებ, რომ გარეგნულად რომელი ფერიც გიხდებათ, ის ფერი უნდა მოირგოთ, მიუხედავად იმისა თუ მოდაში რა ფერებია. როცა მიყვები მოდის ტენდეციებს, ეს არ ნიშნავს რომ დაივიწყო შენი ინდივიდუალობა და საყვარელი ფერი. რაც შეეხება სილუეტს, არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც კაბა გეცვას რაღაც კონკრეტული სტილის, ან შარვალი. უნდა გეცვას ის, რაც გიხდება, იმიტომ რომ დღეს მოდაში ყველაფერია და რასაც ატარებ, აუცილებლად უნდა გიხდებოდეს.
– წლის ეს პერიოდი ითვლება ჯვრისწერის და ქორწილის დროდ, თქვენ მუშაობთ ასევე საპატარძლო კაბებზე…
– ყველაზე რთულია, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიოლება სპატარძლო კაბებზე მუშაობა, ოღონდ თუ ამ კაბებში იგრძნობა დიზაინერის ხელწერა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვმუშაობ. კორსეტზე მუშაობა მიყვარს ძალიან, რომელსაც ვაწყობ ნახევრად ძვირფასი თვლებით და ნაქარგებით. თუ ამ ყველაფერს არ მოვიაზრებ საპატარძლო კაბაში, ჩემთვის უინტერესოა და ხელს არ ვკიდებ. ყველანაირად ვცდილობ, იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ ხელმისაწვდომობა ნამუშევრის და მოდელის დონიდან და შრომიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ფერს, სულ არ არის აუცილებელი თეთრი კაბა იყოს, მე წითელიც გამიკეთებია და ნაცრისფერიც. გამიკეთებია ასევე ფერადები, სხვადასხვა ფერები ერთმანეთში ამირევია. ვითვლისწინებ ასევე ქალბატონის გარეგნულ ნიშან-თვისებებს, მაგალითად თვალის ფერს და ასე შემდეგ. თითო კაბაზე ერთი-ორი თვე მიმდინარეობს მუშაობა. ამ ყველაფერზე მუშაობენ მკერავები, მქარგავები, კონსტრუქტორი, მოკლედ მთელი ჯგუფი და კაბაც შესაბამისად კარგი გამოდის.
– რამდენად ემთხვევა თქვენი და თქვენი მეუღლის გემოვნება ერთმანეთს?
– რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, სხვადასხვა გემოვნება გვაქვს, თუმცა, ერთმანეთს ყოველთვის ვეკითხებით რჩევებს და ვითვალისწინებთ.
– როგორც ზემოთ აღნიშნეთ, “აცმევდით ქართულ ტელევიზიებს”, დღეს რას იტყვით ტელევიზიების ჩაცმის სტილზე, რა ცვლილებებია და თუ არის ვინმე ვისაც გამოარჩევდით ამ მხრივ?
– თითქმის ყველა “ტელევზიას ვაცმევდი”, ტელევიზიის ჩაცმულობა ზოგადად მარტივად არ ხდება. უფრო რთულია ვიდრე საზოგადოებაში ჩაცმის სტილი, იმიტომ რომ ყველაფერი არის დამოკიდებული ფერზე, გადაცემის შინაარსზე, სტუდიის ფერებზე, წამყვანის ვიზუალზე. ძალიან ბევრი რამეარის გასათვალისწინებელი.რაც შეეხება ტელევიზიების დღევანდელ ჩაცმულობას, მე ვერ ვგრძნობ დიზაინერების ხელწერას. ნორმალურად აცვიათ, მაგრამ სასურველია უკეთესად იმოსებოდნენ. გამორჩევითაც ვერავის გამოვარჩევ, ვერავის ვიხსენებ ამ ეტაპზე. ცვლილებები საჭიროა, წამყვანის ჩაცმულობა გადაცემის შესაფერისი უნდა იყოს. საიმფორმაციოს წამყვანს და გასართობი გადაცემის წამყვანს, ერთნაირად არ უნდა ეცვას, არადა აცვიათ, კარგი იქნებოდა დახვეწა.
– პირად ალბომში მოგეპოვებათ რამდენიმე ძალიან საინტერესო ფოტო, გვიამბეთ ამ ფოტოებზე…
– ეს ფოტოები მონაკოშია გადაღებული, სადაც მე და ჩემი მეუღლე წვეულებაზე მიპატიჟებული, იმყოფებოდა ასევე მონაკოს პრინცი. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს, რადგან ძალიან მიყვარს ასეთი გარემო. “კოსწიუმი” რაც მაცვია, ყველაფერი არის ჩემი დიზაინით, რომელიც დრესკოდის გათვალისწინებით შევქმენი. იყო დიდებული ვახშამი მონაკოს ცენტრში “Hotel de Paris”-ში, საინტერესო ადამიანებით.
– როგორია თქვენი შემოქმედებითი სამომავლო გეგმები?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე მაქვს კოლექცია, ჩემი ხელით შექმნილი, რომელიც ამ ეტაპზე ჩემოდნებშია. ზოგი დასრულებულია, ზოგი დაუსრულებელი და მაქვს სურვილი, რომ გავაკეთო გამოფენა თავისი ისტორიით, შელამაზების გარეშე. რაც შეეხება სიახლეს, ვფიქრობ ახალ კოლექციაზეც, ჯერ არ მინდა გავახმაურო, შემიძლია ვთქვა, რომ იქნება სრულიად სხვა დატვირთვის, თავისი დიზაინური გადაწყვეტითაც, ფერითაც და შინაარსითაც და მორგებული იქნება ყველანაირ ადამიანზე.