შოკისმომღვრელი ისტორია 48 წლის ნეაპოლელ მარიო ეუტიციაზე, რომელიც გასულ თვეს, ქალაქ კაზერტის პოლიციის განყოფილებაში თავის ნებით გამოცხადდა და ოთხი მოხუცის მკვლელობა აღიარა.
ეუტიცია ყოველ მათგანთან მომვლელად მუშაობდა, სადაც ოჯახის წევრების ნდობით სარგებლობდა და ამიტომ ეჭვი არავის გასჩენია მის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე.
“ეს გავაკეთე ქრისტიანული თანაგრძნობის გამო, მე მათ დავეხმარე, ტკბილად შეხვედროდნენ სიკვდილს, რადგან იტანჯებოდნენ”, – თქვა მარიო ეუტიციამ. მან აღიარა, თუ როგორ აძლევდა მოხუცებს ისეთ დამამშვიდებელ პრეპარატებს გაოთხმაგებული დოზით, როგორიცაა TALOFEN, TRITTICO. მისთვის ეს პრეპარატები საკმაოდ ნაცნობი იყო, რადგან თავადაც ონკოლოგიური პაციენტი და ამ პრეპარატების მომხმარებელია და აცხადდებს, რომ ისიც ისე იტანჯებოდა ონკოლოგიური დაავადებით, როგორც ოთხივე მსხვერპლი.
“მე გადავწყვიტე აღიარება რომ დამეხმაროთ აღარ მოვკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავჩერდები, რადგან ვიცი, რომ ტანჯვის ყურებას ვერ გავუძლებ”, – განაცხადა ეუტიციამ ჩვენების მიცემისას, “ბადანტემ”, რომელმაც “სიკვდილის ანგელოზის” როლი მოირგო და მკვლელობებს დაკისრებულ მისიად მიიჩნევს.
პირველი ორი მკვლელობა, 2014 წელს, ლატინაში ჩაიდინა, მათი იდენტიფიცირება ამ დროისთვის არ ხერხდება, ხოლო ბოლო ორი მოკლულის ვინაობა კი დადგენილია, რადგან მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მარიო ეუტიციას წარსულში ბრალად ედებოდა თაღლითობა, ქურდობა, გაფლანგვა, ზიანის მიყენება. ასევე მის სახელზე შეტანილია საჩივარი, მოკლული მოხუცის ავტომობილის გატაცების შესახებ, თუმცა მის კრიმინალურ წარსულში, მკვლელობის შესახებ, არაფერი იკვეთებოდა. ოთხივე შემთხვევაში, მოხუცების გარდაცვალება, ბუნებრივი სიკვიდილით ფიქსირდება. გარდაცვალების მიზეზის დასადასტურებლად უნდა მოხდეს გვამის გაკვეთა. სასამართლო პროცესამდე, მარიო ეუტიცია ციხეში რჩება.