ბოლო დროს, ხშირად ისმის, თუ როგორ გახშირდა ემიგრაციაში სიკვდილიანობა, ფსიქოლოგიური პრობლემები და ფსიქიკური აშლილობები, ადრე ასე არ იყო, რა გვეშველება და ა.შ.
ეს მონაცემები, დროის სვლისა და ემიგრაციის რიცხვობრივი ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება.
მასიური მიგრაცია, საშუალოდ, 20 წლის წინ დაიწყო, ის პირველი თაობა უკვე ასაკშია და ვერც დროულად საქართველოში დაბრუნებას ახერხებენ, ისევ და ისევ ოჯახების “საჭიროებებიდან” გამომდინარე და უცხო მიწაზე ასრულებენ ცხოვრებას. შედეგი ბუნებრივი და ბიოლოგიურია…
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პრობლემებს, საქართველოდან რომ გაუბედურებული და ჩამოშლილი ნერვული სისტემით ჩამოდის ადამიანი, აქ რომ რელაქსს და თერაპიებს ვერ მოიწყობს თქვენც ხომ იცით და მანაც… უკეთეს ვარიანტში გამოუსვლელ სამსახურში, ანუ ნებაყოფლობით პატიმრობაში შედის, უარეს შემთხვევაში დამსაქმებლების ხელში ვარდება და დადის თვეობით უმუშევარი, ვალს ვალი და საქართველოში პრობლემას პრობლემაზე ემატება და რა გასაკვირია, რომ ყველას, ისედაც გაუბედურებული ფსიქიკა ვერ უძლებდეს?! ეს არც იტალიელების ბრალია, არც გერმანელების და არც ამერიკელების…
კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, ინფორმაციის სწრაფი გავრცელების დონე. 20 წლის წინ, ამბის გასაგებად, თუ “სალაპარაკოსთან” გასვლისთვის უნდა გეცადა დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე, ახლა ეკრანზე თითის ერთი ჩამოსმით ყველაფრის საქმის კურსში ხართ. მერწმუნეთ, ეს დიდი ფუფუნებაა. ჰკითხეთ, ძველ ემიგრანტებს.
ასე რომ, ეს ხმები ნუ შეგაშინებთ, ეს, ცხოვრებაა…
მთავარი ისაა, რომ თუ საქართველოში დაბრუნება გადაწყვეტილი გაქვთ, ერთ სახლს რომ იყიდით, იკმარეთ, 70 წლის ასაკში გაუბედურებული ნერვებით და ჯანმრთელობით, მეორე სახლს ნუღარ შეეჭიდებით.
თითოეულ აქაურ ქართველზე ძალიან შემტკივა გული… ყველას გისურვებთ თქვენი პრობლემების ძალიან მალე მოგვარებას და თქვენს ოჯახებთან მალე ჩახუტებას.
ნინა მამუკაძე – ქართველი ჟურნალისტი და თარჯიმანი იტალიაში, ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის “ERMESTV – ერმესი მედია” დამფუძნებელი