პიცის საუკეთესო უცხოელი ოსტატი პიცის მსოფლიო ჩემპიონატზე და ორ უმნიშნელოვანეს კატეგორიაში გამარჯვებული, იტალიის პიცის ჩემპიონატზე – ამ ტიტულების მფლობელი 29 წლის ლევან ფეიქრიშვილი გახლავთ თბილისიდან. დიახ, იტალიის პიცის საუკეთესოუცხოელი ოსტატი ქართველია.
– ლევან, გააცანით თავი ჩვენს მკითხველს და გაგვიზიარეთ, როგორ აღმოჩნდით პიცის სამყაროში?
– უკვე ექვსი წელია იტალიაში, ლაციოს რეგიონში, ქალაქ ფონდში ვცხოვრობ. სანამ ამ პროფესიას ავირჩევდი, ფეხბურთს ვთამაშობდი. ვითამაშე ადგილობრივ გუნდებში, მქონდა მიზნები და გეგმები. ახალი ჩამოსულის კვალობაზე, ყველაფერი კარგად მიმდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის დაწყებამ ხელი შემიშალა, ყველაფერი გაჩერდა. მაშინ გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, რომელსაც ისე მივუდგებოდი, როგორც ფეხბურთის მიმართ ვიყავი განწყობილი. მივედი პატარა პიცერიაში, სადაც ნეაპოლურ პიცას აკეთებდნენ. ძალიან დავინტერესდი. ვიღებდი დადებით შეფასებას კლიენტებისგან და პიცერიის მფლობელისგან. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მაძლევდა უფრო მეტიც, მეპატრონემ შემომთავაზა მე ამეღო პიცერია, მაგრამ ვამჯობინე უკეთ შემესწავლა ეს პროფესია. ამ მიზნით წავედი ცნობილ ნეაპოლელ მაესტრო „პიცაიოლო“ ენრიკო პორციოსთან.
საჩვენებელ გამოსვლაზე მოეწონა ჩემი გაკეთებული პიცა და თან როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, კვარა მიხსენა, მითხრა, რომ რაღაცით ვგავდი მას. ატესტატის გადმოცემის დროს მკითხა, მასთან მუშაობის სურვილი თუ მქონდა. ასეთ ცნობილ სპეციალისტთან მუშაობა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ასე დაიწყო ჩემი კარიერა ამ სფეროში.
– იტალიაში დიდი კონკურენციაა ამ მხრივ, მაგრამ შეძელით მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყავით...
– სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამხელა შედეგს პირველივე ასეთ დიდ ჩემპიონატებზე. ეს იყო იტალიის პირველი ჩემპიონატი, სადაც იტალიელების გარდა, ქართველებიც მონაწილეობდნენ, ქართველები, რომლებიც პროფესიონალები არიან და გულით აკეთებენ თავის საქმეს. მინდა აღვნიშნო ვალერი სახიაშვილი, მაესტრო „პიცაიოლო“, რომელიც წლებია ამ საქმით არის დაკავებული და ბევრ რჩევას ვიღებ მისგან.
– რომელ კატეგორიებში გაიმარჯვეთ?
– იტალიის ჩემპიონატში გავიმარჯვე კატეგორიაში ყველაზე განიერი პიცა, პირველი ადგილი ავიღე, ხოლო კატეგორიაში „ინოვაციური პიცა“ – მესამე ადგილი. მსოფლიო ჩემპიონატზე გავხდი პიცის საუკეთესო უცხოელი ოსტატი. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია ჩემი ქვეყნის წარმოჩენაში, პატარა წვლილის შეტანა.
– რომელია თქვენი რჩეული, საფირმო პიცა?
– Მიყვარს განსხვავებული პიცების აწყობა-შექმნა, ჩემივე გემოვნებით. მაგალითად: არტიშოკის კრემი, კამეჩის რძის მოცარელა, ხრაშუნა ბეკონი, პარმეზანის ჩიფსები, ყვითელი პომიდორი ჩერი, კამეჩის რძის ყველის ნაჭრები. ამ ტიპის პიცა სამწუხაროდ, პიცერიებში არ აქვთ, მაგრამ ERMESTV-თვის სპეციალურად მოვამზადებ.
– უღრმესი მადლობა!
ნინა მამუკაძე