16 წლის ქართველი მეკარე, გიგა გიგაური, პროფესიულ საფეხბურთო კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს – ის იტალიური სერია A-ს კლუბ “ჰელას ვერონაში” ასაკობრივი გუნდის საცდელ ვარჯიშებზე იმყოფება და უკვე მოახერხა კლუბის ხელმძღვანელობისა და სპეციალისტების ყურადღების მიპყრობა.
Tag: ქართველი ფეხბურთელი იტალიაში

ახალგაზრდა ქართველი მეკარე, ამ დღეებში სერია A-ს კლუბ “ჰელას ვერონას” საცდელ ვარჯიშებში მონაწილეობს და იტალიური გუნდისგან დადებით შეფასებებს იღებს. 16 წლის ფეხბურთელმა უკვე დაამტკიცა თავისი პოტენციალი და ახლო მომავალში გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა კარიერას იტალიაში.
გიგაურის იტალიურ კლუბთან დაკავშირება და იტალიაში ჩამოყვანის ინიციატორი და ორგანიზატორი, იტალიაში მოღვაწე ლიცენზირებული ქართველი მწვრთნელი, ყოფილი მეკარე ზურა მჭედლიძე გახლავთ, რომელმაც ჩვენთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.

ზურა მჭედლიძე: “გიგა არის ძალიან შრომისმოყვარე და მასში ვხედავ იმ ნიჭს, რომლითაც შეძლებს დიდ ფეხბურთში დიდი წარმატების მიღწევას. ჩემი გამოცდილება და ცოდნა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გიგაურს აქვს დიდი პოტენციალი და შეძლებს იტალიაში მაღალ დონეზე თამაშს, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, სწავლის, ინტენსიური ვარჯიშის და თამაშის პირობებში. ძალიან გულდასაწყვეტია ის ამბავი, რომ საქართველოში, გუნდში სადაც ირიცხებოდა, არ მოუწია თამაშები, ფაქტობრივად მხოლოდ ვარჯიშობდა და შეხვედრებზე არ აყენებდნენ შემადგენლობაში, მისი პოტენციალის მიუხედავად. შეუძლებელია ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარება და წარმატება, ამ მიდგომით. რაც შეეხება “ჰელას ვერონას” შეფასებებს, ზუსტად დაემთხვა ჩემს მოლოდინებს და შეფასებას, რომ ბავშვს ძალიან კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ასევე დაამატეს, რომ გამოსასწორებელია დეტალები, რომლებიც არასწორი და მოძველებული მეთოდებით წვრთნის შედეგია. თუმცა, სწორ ადგილას ყოფნით და სწორი ვარჯიშით, არ არის ამის დაძლევა რთული, მით უმეტეს ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის შემთხვევაში, როგორიც გიგაა.”
შეგახსენებთ, რომ გიგაური წლების განმავლობაში თბილისის “დინამოში” თამაშობდა, ახლა “სელეროს” ღირსებას იცავს. ის ასევე გამოძახებული იყო საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ტალანტსა და პერსპექტივას.
Tag: ქართველი ფეხბურთელი იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: ასეთი სტატია რომ 10 წლის წინ წამეკითხა – თუ პატარა ფეხბურთელს ზრდით!





















































